საუნივერსიტეტო კლინიკა ამოქმედდება
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მრავალპროფილური საუნივერსიტეტო კლინიკა (ყოფილი მე-8 საავადმყოფო) ამოქმედდება. განათლების სამინისტროს ცნობით, ამ ეტაპზე დასრულებულია 163 საწოლზე გათვლილი შენობის რეაბილიტაცია და მიმდინარეობს საუნივერსიტეტო კლინიკის თანამედროვე ტექნიკით აღჭურვის პროცესი.
დღეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო სამედიცინო უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან ერთად კლინიკას ეწვივნენ, კლინიკის აღჭურვის მიზნით სამინისტროს მიერ შეძენილ ძვირად ღირებულ ტექნიკას და სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნენ. როგორც სამინისტროში აცხადებენ, საუნივერსიტეტო კლინიკა სრული დატვირთვით 2015 წლის დასაწყისში ამოქმედდება, რაც დადებითად აისახება როგორც ჯანდაცვის სფეროზე, ისე სწავლისა და კვლევის ერთიანობის უზრუნველყოფაზე, რაც სამედიცინო პროფილის პროფერსიონალების მომზადებისთვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს.
„კლინიკის ბაზაზე სამედიცინო უნივერსიტეტის 2000-მდე სტუდენტი სალექციო კურსს და სტაჟირებას გაივლის, ვინაიდან კლინიკის დიდი ნაწილი სწორედ სასწავლო აუდიტორიებს უჭირავს. ასევე, 163 საწოლზე გათვლილ კლინიკაში 500 თანამშრომელი, 206 პროფესორი და ექიმი დასაქმდება. საუნივერსიტეტო კლინიკა უზრუნველყოფს სტუდენტთა განათლების დონის ამაღლებას, პრაქტიკული უნარ–ჩვევების შეძენას და კლინიკური გამოცდილების მიღებას, რაც ასე მნიშვნელოვანია მედიცინის სფეროში მომავალი დასაქმების და წარმატებული საქმიანობის თვალსაზრისით“, – აცხადებენ სამინისტროში. მათივე განცხადებით, სასწავლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. ამ მიმართულებით სამინისტრო არაერთ მასშტაბურ პროექტს ახორციელებს.