დავით სონღულაშვილი საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩს, მაჰმუდ ადიბს შეხვდა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით სონღულაშვილმა საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩთან, მაჰმუდ ადიბთან გამართა შეხვედრა.

პარლამენტის ინფორმაციით, მხარეებს შორის განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო ირანსა და საქართველოს შორის სავაჭრო მარშრუტები. მხარეებმა ისაუბრეს ირანისა და საქართველოს გავლით აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი გზის შექმნის პოტენციალზე. აღნიშნეს რაოდენ მნიშვნელოვანია ეს პროექტი ქვეყნების ეკონომიკის განვითარებასა და ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით.

შეხვედრის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი იყო საქართველოდან ირანში ხორცისა და მარცვლეულის ექსპორტის შესაძლებლობების შესწავლა. მხარეებმა იმსჯელეს სოფლის მეურნეობის დარგში ორმხრივად მომგებიანი ვაჭრობის შესაძლებლობებზე.

შეხვედრაზე ითქვა, რომ საქართველოს ხარისხიანი პროდუქციისა და ირანის ბაზრის მოთხოვნების კაპიტალიზაციით, შესაძლებელია სოფლის მეურნეობის ხელშეწყობა და ორმხრივი სავაჭრო და ეკონომიკური კავშირების განვითარება. კომიტეტის თავმჯდომარემ და ელჩმა ასევე ისაუბრეს უმაღლესი სასწავლებლების დიპლომების აღიარების პროცესის დაჩქარებაზე, რაც ხელს შეუწყობს განათლების სისტემის განვითარებას და ირანელ და ქართველ ხალხს შორის საგანმანათლებლო ურთიერთობების გაუმჯობესებას.
დავით სონღულაშვილმა და მაჰმუდ ადიბმა ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის მეგობრობის, თანამშრომლობისა და ეკონომიკური პარტნიორობის მნიშვნელობას. ელჩმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ირანის ისლამური რესპუბლიკის მხარდაჭერა დაადასტურა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები