გაერომ უკრაინაში ბავშვების მკვლელობისთვის რუსი სამხედროები „შავ სიაში“ შეიყვანა

გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ კონფლიქტში მყოფი, რუსული ჯარები ბავშვთა უფლებების დამრღვევთა ყოველწლიურ “შავ სიაში” შეიყვანა.

ამის შესახებ გაეროს უშიშროების საბჭოს ახალ ანგარიშშია ნათქვამი, – წერს Associated Press-ი.

გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა ანგარიშში განაცხადა, რომ „შეძრწუნებულია“ 2022 წელს უკრაინაში ბავშვების მიმართ „სერიოზული დარღვევების“ გამო, „შოკირებულია“ სკოლებსა და საავადმყოფოებზე თავდასხმების რაოდენობით, „შეშფოთებულია“ ბავშვების დაკავებით და „შეწუხებულია“ იმით, რომ ზოგიერთი უკრაინელი ბავშვი რუსეთს გადასცეს.

გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ გასულ წელს ბავშვები მთელ მსოფლიოში არაპროპორციულად დაზარალდნენ შეიარაღებული კონფლიქტით. მისი თქმით, გაერომ დაადასტურა სერიოზული დარღვევები 13 469 ბავშვის მიმართ, მათ შორის 24 ქვეყანასა და ერთ რეგიონში 2 985 ბავშვი დაიღუპა.

კანონის უხეში დარღვევებს შორის აღინიშნა კონფლიქტების მონაწილეთა მიერ ბავშვების გადაბირება და გამოყენება, მკვლელობები და დაზიანებები, სექსუალური ძალადობა, გატაცებები და თავდასხმები სკოლებსა და საავადმყოფოებზე.

გუტერეშმა თქვა, რომ ახალ ტერიტორიებზე კონფლიქტების გავრცელებამ ხელი შეუწყო დარღვევების სერიოზულ ზრდას – 140%-ით მიანმარში და 135%-ით სამხრეთ სუდანში. შეიარაღებული ჯგუფების, მათ შორის “ალ-ქაიდას” და “ისლამური სახელმწიფოს” აქტივობის ზრდამ, ასევე გამოიწვია სიტუაციის მკვეთრი გაუარესება ცენტრალურ საჰელში, განსაკუთრებით, ბურკინა ფასოში, რამაც გამოიწვია უხეში დარღვევების 85 პროცენტით ზრდა.

გენერალური მდივნის თქმით, დარღვევები ასევე გაიზარდა კოლუმბიაში, ისრაელში, პალესტინის ტერიტორიებზე, ლიბანში, ლიბიაში, მალიში, ნიგერიაში, სუდანსა და სირიაში.

გუტერეშმა თქვა, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები და მათთან დაკავშირებული შეიარაღებული ჯგუფები შეყვანილი არიან “შავ სიაში” სკოლებსა და საავადმყოფოებზე 480 თავდასხმის გამო, ასევე ბავშვების მკვლელობისთვის, განსაკუთრებით ქალაქებისა და სოფლების დაბომბვისა და საჰაერო თავდასხმების შედეგად. ანგარიშის მიხედვით, 136 უკრაინელი ბავშვი დაიღუპა და 518 დაშავდა.

გაეროს ხელმძღვანელმა თქვა, რომ ის ასევე შეშფოთებულია უკრაინული ძალების მიერ ბავშვების მიმართ სერიოზული დარღვევების გამო და მოუწოდა მათ, დაიცვან მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის ზომები საერთაშორისო სამართლის შესაბამისად.

ანგარიშის თანახმად, უკრაინის შეიარაღებული ძალები პასუხისმგებელი არიან 80 ბავშვის დაღუპვაზე და 175-ის დაშავებაზე, ასევე სკოლებისა და საავადმყოფოების 212 დაბომბვაზე.

“რადიო თავისუფლების” ცნობით, სავარაუდოდ, საუბარია რუსეთის მიერ ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიების დაბომბვაზე. უკრაინის არმია არ არის შეყვანილი დამრღვევთა სიაში. მედია ასევე ამახვილებს ყურადღებას გუტერეშის ფორმულირებაზე, კერძოდ, რუსი სამხედროების ქმედებით ის “შოკირებულია”, ხოლო უკრაინელების – “შეშფოთებული”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები