კომპანია OceanGate Expeditions-ის ცნობით, ატლანტის ოკეანეში დაკარგული წყალქვეშა ნავის ბორტზე მყოფი ხუთივე მგზავრი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის სანაპირო დაცვაც ავრცელებს.
„ბრიტანელი მილიარდერი ჰემიშ ჰარდინგი, პაკისტანელი მეწარმე შაჰზად დავუდი და მისი 19 წლის ვაჟი სულეიმანი, OceanGate-ის დამფუძნებელი სტოქტონ რაში და ნავის ოპერატორი პოლ-ანრი ნარჟეოლე. სამწუხაროდ დაიღუპნენ“, – ნათქვამია განცხადებაში.
როგორც აშშ-ის სანაპირო დაცვაში აღნიშნავენ, წყალქვეშა ნავის ხუთივე მგზავრის ცხედარი შესაძლოა ვერ იქნეს ნაპოვნი.
„აშშ-ის სანაპირო დაცვისა და მთლიანი გაერთიანებული ხელმძღვანელობის სახელით უღრმეს მწუხარებას ვუცხადებ ოჯახებს. მხოლოდ წარმოდგენა შემიძლია, როგორი იყო ეს მათთვის“, – აღნიშნულია განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ დღეს სამძებრო წყალქვეშა აპარატმა საძიებო ზონაში, „ტიტანიკის“ მახლობლად, წყალქვეშა ნავის ნამსხვრევები იპოვა.
წყალქვეშა ნავი, რომელსაც „ტიტანიკის“ ნამსხვრევების სანახავად ტურისტები გადაჰყავდა, 18 ივნისს ატლანტის ოკეანეში გაუჩინარდა. კვლევითმა ხომალდმა „პოლარ პრინცმა“ ეკიპაჟთან კავშირი წყალში შესვლიდან 1,45 საათში დაკარგა.