ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის საქმიანობის ანგარიში მოისმინა
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან დამოუკიდებლად არსებული მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის საქმიანობის 2022 წლის ანგარიში მოისმინა. ანგარიში დეპუტატებს მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივმა დამცველმა გვანცა ჩხეიძემ გააცნო, – ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტი ავრცელებს.
მომხსენებლის განმარტებით, სამსახური საანგარიშო პერიოდში ინარჩუნებს მიმართვიანობის მზარდ დინამიკას, რასაც ცხადყოფს 2022 წლის სტატისტიკური მაჩვენებლების ანალიზი. 2022 წელს უწყებაში 1227 განცხადება/ საჩივარი შევიდა, აქედან სრულად დაკმაყოფილდა 1069.
როგორც გვანცა ჩხეიძემ აღნიშნა, თემატიკის მიხედვით, პირველ ადგილზეა ელექტრონული საკომუნიკაციო კავშირის დაზიანება და მომსახურების შეზღუდვასთან ან შეწყვეტასთან დაკავშირებული საჩივრები. მათი რაოდენობა 375 იყო, რომელთაგანაც სრულად დაკმაყოფილდა 366.
მისივე განცხადებით, საანგარიშო პერიოდში სამსახურის სტრატეგიულ მიმართულებად განისაზღვრა მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლებაზე ზრუნვა, მომსახურების მიმწოდებელი კომპანიების მხრიდან კანონმდებლობით განსაზღვრული ვალდებულებების დაცვის მუდმივი მონიტორინგი და უწყებათაშორისი აქტივობა, როგორც უცხოელ ექსპერტებთან, ისე ეროვნულ დონეზე.