რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის ე.წ. ხელმძღვანელი, სერგეი აქსიონოვი ადასტურებს ტელეგრამ-არხებში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ყირიმის ხერსონის რეგიონთან დამაკავშირებელ გზაზე, ჩონგართან, ხიდია აფეთქებული.
ხერსონის რეგიონის საოკუპაციო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ვოლოდიმირ სალდომ კი განაცხადა, რომ იერიში უკრაინელი სამხედროების მიერ არის მიტანილი, მისივე ვარაუდით, Storm Shadow-ის რაკეტებით.
მისი თქმით, დაზიანებულია რამდენიმე ხიდი სივაშის ყურის გავლით ყირიმისკენ მიმავალ გზაზე.
„ხიდებზე გზის საფარი დაზიანდა. მსხვერპლი არ არის. ხერსონის რეგიონსა და ყირიმს შორის კომუნიკაცია გრძელდება, თუმცა დროებით სარეზერვო მიმართულება ამუშავდა, მანქანების გავლა უმოკლეს დროში აღდგება”,- წერს სალდო.
ყირიმიდან მელიტოპოლამდე და შემდგომ სამხრეთ ფრონტამდე ჩონგარზე უმოკლესი გზა გადის, სადაც ახლა უკრაინის არმია შეტევას ცდილობს.