შალვა პაპუაშვილი: საქართველო როგორც შარშან ივნისში აკმაყოფილებდა შესაბამის კრიტერიუმებს იმისთვის, რომ მიგვეღო კანდიდატის სტატუსი, ასევე, ახლაც აკმაყოფილებს

“ყოველი დღე, როდესაც არ გვაქვს კანდიდატის სტატუსი, სინამდვილეში არის უსამართლობა საქართველოს მიმართ და ჩვენ მოველით, რომ ეს უსამართლობა მალე აღმოიფხვრება”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილი განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველო როგორც შარშან ივნისში აკმაყოფილებდა შესაბამის კრიტერიუმებს იმისთვის, რომ კანდიდატის სტატუსი მიეღო, ასევე, ახლაც აკმაყოფილებს.

„ვიცით, რომ ბევრ საკითხთან დაკავშირებით პოზიტიური გამოხმაურება გვქონდა ბრიუსელიდან, ან სხვადასხვა დედაქალაქში, სადაც ვიმყოფებოდით. ფაქტია, რომ პარლამენტმა ამ თვეების განმავლობაში ძალიან ინტენსიურად იმუშავა რეკომენდაციებთან დაკავშირებით. ჩვენ დაახლოებით 100 კანონი მივიღეთ, მეტი თუ არა. ბოლო მონაცემები გვექნება ამ სესიის ბოლოს, იმისთვის, რომ შეგვესრულებინა ეს რეკომენდაციები. კარგია, რომ შუალედური შეფასებები იქნება, ვნახოთ დეტალებს რას გაგვიზიარებენ იმისთვის, რომ ჩვენ უკვე ოქტომბრისთვის კომისიის საბოლოო დასკვნისთვის მოვემზადოთ და, მათ შორის, დეკემბრის გადაწყვეტილებისთვის. მთავარი ერთი რამე არის, ახლაც საქართველოში ვიზიტით იმყოფება ირლანდიის პარლამენტის თავმჯდომარე და ყველა ასეთ შეხვედრაზე იქნება ეს საქართველოში თუ ვიზიტების დროს ევროკავშირის დედაქალაქებში, ჩვენ გვაქვს პოლიტიკური მხარდაჭერა იმისთვის, რომ კანდიდატის სტატუსი მოგვენიჭოს. უფრო ხშირად და ხშირად გვესმის, რომ არის გაცნობიერება, რომ შარშან ივნისში მიღებული გადაწყვეტილება არ იყო ბოლომდე სამართლიანი მაშინ, როდესაც სამეულში ლიდერი საქართველო დაიჩაგრა, არ მიეცა კანდიდატის სტატუსი. იმედი გვაქვს, რომ ამ მხრივაც იქნება ხარვეზი აღმოფხვრილი და სტატუსი მინიჭებული. საქართველო როგორც შარშან ივნისში აკმაყოფილებდა შესაბამის კრიტერიუმებს იმისთვის, რომ მიგვეღო კანდიდატის სტატუსი, ასევე ახლაც აკმაყოფილებს. ყოველი დღე, როდესაც არ გვაქვს კანდიდატის სტატუსი, სინამდვილეში არის უსამართლობა საქართველოს მიმართ და ჩვენ მოველით, რომ ეს უსამართლობა მალე აღმოიფხვრება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები