“ივნისში რუსეთმა ლუგანსკის რეგიონიდან 150 ბავშვი გაიყვანა” – უკრაინის მთავრობა

ლუგანსკის ოლქის, უკრაინის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, არტიომ ლისოგორი აცხადებს, რომ ივნისში რუსეთმა სტარობელსკის რაიონიდან 150 ბავშვი გაიყვანა.

მისი თქმით, ბავშვები რუსეთის ტერიტორიაზე “თითქოს გაჯანსაღებისთვის” გაიყვანეს.

„მათი უკან დაბრუნების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს“, – წერს ის ტელეგრამაში.

ლისოგორი ირწმუნება, რომ რუსეთის ხელისუფლება ამჟამად ჯგუფებს ქმნის ” რომ კიდევ 750 ბავშვის გაყვანა მოხდეს”.

გარდა ამისა, უკრაინელი ოფიციალური პირის თქმით, ლუგანსკის რეგიონის სკოლის მოსწავლეების 70%-ს  რუსმა ექიმებმა „პათოლოგიები აღმოუჩინეს, რომ ისინი რუსეთში სამკურნალოდ გაეგზავნათ“.

”უარის შემთხვევაში, ოკუპანტები იმუქრებიან, რომ მოსწავლეებს სკოლებში არ დაუშვებენ”, – წერს ლისოგორი.

მისივე ინფორმაციით, დასახლებულ პუნქტ სტანიცია ლუჰანსკაიაში ბავშვებს „აიძულებენ გასვლას დედებთან ერთად“.

უკრაინის ხელისუფლებამ არაერთხელ დაადანაშაულა რუსეთი მათ ტერიტორიაზე ბავშვების უკანონო გადაყვანაში.

ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისა და რუსეთის ბავშვთა ომბუდსმენის, მარია ლვოვა-ბელოვას დაკავების ორდერიც გასცა, რადგან ისინი ეჭვმიტანილი არიან ბავშვების დეპორტაციაში, რაც, საერთაშორისო სამართლის მიხედვით, სამხედრო დანაშაულია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები