რუსეთის ბელარუსის ტერიტორიაზე ბირთვული ტაქტიკური იარაღის განთავსებას ნატოს ვილნიუსის სამიტამდე რამდენიმე დღით ადრე, 7-8 ივლისიდან დაიწყებს.
ამის შესახებ კრემლის ლიდერმა ბელარუსელ კოლეგასთან სოჭში შეხვედრის დროს განაცხადა.
„ზოგადად, მდგომარეობა სტაბილურია, მე ვიტყოდი, კარგიც კი. ვთანამშრომლობთ ამ მიმართულებით, ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის. შესაბამისი შეიარაღების მომზადება 7-8 ივლისს დასრულდება და დაუყოვნებლივ დავიწყებთ თქვენს ტერიტორიაზე შესაბამისი ტიპის იარაღის განთავსებას. ყველაფერი გეგმის მიხედვით არის, ყველაფერი სტაბილურია“, – აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა.
მარტში პუტინმა განაცხადა, რომ მოსკოვი და მინსკი ბელარუსში ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსებაზე შეთანხმდნენ. როგორც მან თქვა, ასეთი ნაბიჯის მიზეზი იყო დიდი ბრიტანეთის განცხადება უკრაინაში ურანით საბრძოლო მასალის მიწოდების შესახებ.
გარდა ამისა, ბელარუსის შეიარაღებულ ძალებს მიეწოდა “ისკანდერ-მ”-ის ტიპის ოპერატიულ-ტაქტიკური კომპლექსი, რომელსაც შეუძლია ბირთვული რაკეტების გამოყენება. ბელარუსის სახმელეთო თავდასხმის ზოგიერთი თვითმფრინავი ბირთვული იარაღისთვის აღჭურვეს.
ნატოს ვილნიუსის სამიტი 11-13 ივლისს ჩატარდება, რომლის განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი, ასევე, ალიანსში კიევის გაწევრიანების საკითხი იქნება.