“ნატოში უკრაინის გაწევრიანების საკითხი, პრაქტიკულად, გადაწყვეტილია და რუსეთს არ აქვს ვეტოს დადების უფლება” – სტოლტენბერგი

ნატოში უკრაინის გაწევრიანების საკითხი, პრაქტიკულად, გადაწყვეტილია, ალიანსის კარი ღიაა და რუსეთს არ აქვს მის გაფართოებაზე ვეტოს უფლება.

ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა და ალიანსში აშშ-ის ელჩმა, ჯულიანა სმიტმა ამერიკული უსაფრთხოების ცენტრ CNAS-ში გამოსვლისას განაცხადეს, – წერს “ამერიკის ხმა”.

„როგორც მოკავშირეებმა არაერთხელ განაცხადეს,  თანხმდებიან, რომ უკრაინა გახდება ალიანსის წევრი. უკანასკნელად წევრებმა ეს გასული წლის ზაფხულში, მადრიდის სამიტზე თქვეს. მოგვიანებით, ჩვენ ერთხმად გადავწყვიტეთ, რომ მხოლოდ უკრაინა და ალიანსის წევრები გადაწყვეტენ, ალიანსის წევრად უკრაინის ოფიციალურად მიწვევის დროს და ეს არანაირად არ არის დამოკიდებული მოსკოვსა და პუტინზე. მას არ აქვს ნატოს გაფართოებაზე ვეტოს დადების უფლება“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

გენერალურმა მდივანმა დასძინა, რომ არსებობს შეთანხმება კიდევ ერთ მნიშვნელოვან საკითხზე – უკრაინის და არა პუტინის გამარჯვებაზე.

სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ უკრაინა დამოუკიდებელ და სუვერენულ სახელმწიფოდ უნდა დარჩეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ნატოში მის გაწევრიანებაზე ლაპარაკს აზრი არ აქვს.

თავის მხრივ, სმიტმა აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები მუდმივად ფიქრობს იმაზე, თუ როგორ დაეხმაროს უკრაინას რუსეთის დამარცხებაში. მან აღნიშნა, რომ ნატო უკრაინასა და რუსეთს მკაფიო სიგნალს უგზავნის, რომ ომის დასრულებამდე უკრაინელებს გვერდში დაუდგება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები