“ომის დასრულებამდე ნატოს ქვეყნები უკრაინაში ჯარს არ გაგზავნიან” – კულება

ნატოს ქვეყნები უკრაინის ტერიტორიაზე ჯარს ომის დასრულებამდე არ გაგზავნიან.

ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ გადაცემა „საუზმე 1+1“-ში, ალიანსის ყოფილი გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის მიერ გაკეთებული განცხადებების კომენტირებისას თქვა.

“უკრაინის ტერიტორიაზე შეიარაღებული კონფლიქტის დასრულებამდე, უცხო სახელმწიფოები არ გაგზავნიან ჯარს. უფრო მეტიც, ამას არც ვითხოვთ. ჩვენ ვამბობთ: მოგვეცით იარაღი”, – განაცხადა კულებამ.

მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მას შემდეგ, რაც უკრაინა ალიანსის წევრი გახდება, უკრაინული ნაწილები განლაგდებიან ნატოს სხვა ქვეყნებში და დაიცავენ მათ.

კულებამ ასევე დასძინა, რომ ნატოში უკრაინის გაწევრიანება ამ ომს ვერ დაასრულებს, მაგრამ ახალ ომებს აიცილებს.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ყოფილი გენერალური მდივანი, ანდერს ფოგ რასმუსენი მიიჩნევს, რომ, უკრაინისთვის უსაფრთხოების სამომავლო გარანტიების შესახებ დისკუსიის ფარგლებში, ნატოს ცალკეული წევრები შესაძლოა, უკრაინის ტერიტორიაზე თავიანთი ჯარების შეყვანას დათანხმდნენ.

რასმუსენის თქმით, თუ ნატო ვილნიუსის სამიტზე ვერ გადაწყვეტს უკრაინის გაწევრიანებას, ან უსაფრთხოების გარანტიებს, „არსებობს აშკარა შესაძლებლობა, რომ ზოგიერთმა ქვეყანამ ინდივიდუალურად მიიღოს ზომები“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები