ადვოკატის თქმით, პირს, რომელმაც ყოფილი მეუღლე თოკით გაგუდა და ხევში გადააგდო, მძიმე ფსიქიკური პრობლემები აქვს

პირს, რომელმაც თბილისში ყოფილი მეუღლე ავტომობილში გაგუდა და ხევში გადააგდო, მძიმე ფსიქიკური პრობლემები აქვს, – ამის შესახებ ადვოკატმა, ლევან მარსაგიშვილი განაცხადა.

მისი თქმით, დაკავებული პირი ორი კვირის განმავლობაში მკურნალობას ფსიქიატრიულ კლინიკაში გადიოდა.

„ამ ეტაპზე ბრალის აღიარება, არ აღიარებასთან დაკავშირებით კომენტარს არ ვაკეთებთ. ერთადერთი, რაც შემიძლია გითხრათ ის არის, რომ მას აქვს ფსიქიკური პრობლემები, ძალიან მძიმე ფსიქიკური პრობლემები აქვს. ფსიქიატრიულ კლინიკაშიც იყო მოთავსებული ორი კვირის განმავლობაში, იქ გადიოდა მკურნალობას და სისტემატურად სვამდა ექიმის მიერ დანიშნულ წამლებს“, – განაცხადა ლევან მარსაგიშვილმა.

ადვოკატის თქმით, მის დაცვის ქვეშ მყოფს ბრალს 7 ივნისს წარუდგენენ.

ცნობისთვის, შსს-ს თანამშრომლებმა თბილისში მამაკაცი დააკავეს, რომელმაც საკუთარ ავტომობილში ყოფილი მეუღლე თოკით გაგუდა და  ხევში გადააგდო. ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები