“ევროპაში ბოლო ათწლეულების განმავლობაში შესაძლოა, ყველაზე დიდი ტექნოგენური კატასტროფა იყოს” – კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ რუსეთის მიერ კახოვსკაიას ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის აფეთქებას “საშინელი ომის დანაშაული და ევროპაში, ბოლო ათწლეულების განმავლობაში ყველაზე დიდი შესაძლო ტექნოგენური კატასტროფა” უწოდა.

ამის შესახებ მან “ტვიტერში” დაწერა.

„რუსეთმა კახოვსკაიას კაშხალი გაანადგურა, რასაც ევროპაში ბოლო ათწლეულების განმავლობაში შესაძლოა, ყველაზე დიდი ტექნოგენური კატასტროფა გამოეწვია. მტერმა საფრთხის წინაშე ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე დააყენა. ეს არის საშინელი ომის დანაშაული. რუსეთის, 21-ე საუკუნის ყველაზე დიდი ტერორისტის შეჩერების ერთადერთი გზაა – უკრაინიდან მისი გაძევებაა“, – დაწერა მინისტრმა.

მომხდარს ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი, მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩი გამოეხმაურა და თქვა, რომ ჰიდროელექტროსადგურის აფეთქება დანაშაულებრივი და უგუნური ქმედებაა.

ევროსაბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი მომხდარით შოკირებულია და პირობას დებს, რომ პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან.

„შოკირებული ვარ ნოვაია კახოვკას კაშხალზე უპრეცედენტო თავდასხმით. სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურება ცალსახად კვალიფიცირდება, როგორც ომის დანაშაული. რუსეთს და მის მარიონეტებს პასუხს ვაგებინებთ”, – დაწერა მიშელმა “ტვიტერზე”.

უკრაინაში მყოფმა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიმს კლევერლიმ თქვა, რომ კაშხლის დანგრევა რუსეთის შეჭრას უკავშირდება.

“მე მოვისმინე ცნობები კაშხლის აფეთქებისა და დატბორვის საშიშროების შესახებ. ნაადრევია დეტალების შეფასება. მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ეს გახდა პრობლემა, რუსეთის არაპროვოცირებული სრულმასშტაბიანი შეჭრაა. ჩვენ გავაგრძელებთ სიტუაციის შეფასებას, მაგრამ საუკეთესო, რისი გაკეთებაც რუსეთს ახლა შეუძლია – არის ჯარების გაყვანა“, – თქვა კლევერლიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები