კახოვსკაიას ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის აფეთქების გამო, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ბირთვული უსაფრთხოებისთვის უშუალო საფრთხე არ არსებობს.
ამის შესახებ IAEA-ში განაცხადეს.
აღნიშნეს, რომ ინფორმირებულნი არიან კაშხლის დაზიანების შესახებ და ვითარებას აკვირდებიან.
ამასთან, უკრაინული „ენერგოატომი“ ხაზს უსვამს, რომ კახოვსკაიას ჰიდროელექტროსადგურის დაზიანებას შესაძლოა, უარყოფითი შედეგები მოჰყვეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარე ზაპორიჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე.
ამჟამად, კახოვსკაიას წყალსაცავში წყლის დონე სწრაფად იკლებს, წყალი კი საჭიროა სადგურის უსაფრთხოების სისტემებისთვის.
თუმცა, კომპანიაში აზუსტებენ, რომ ვითარება ამ დრომდე კონტროლირებადია: სადგურის გამაგრილებელი აუზი სავსეა, “ადგილობრივი დროით დილის 08:00 საათისთვის წყლის დონე 16,6 მეტრს აღწევს და ეს საკმარისია სადგურის საჭიროებისთვის”.