რუსი ოკუპანტების მიერ კახოვსკაიას ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის აფეთქების შედეგად, ხერსონის რეგიონში 8 დასახლებული პუნქტი დაიტბორა. ასევე, დატბორილია ქალაქ ხერსონში ერთი მიკრორაიონი.
ამის შესახებ ხერსონის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარემ, ალექსანდრე პროკუდინმა განაცხადა.
”7:30 საათისთვის მთლიანად ან ნაწილობრივ დატბორილია – ტიაგინკა, ლვოვი, ოდრადოკამენკა -ეს არის ბერისლავსკის უბანი, ივანოვკა, ნიკოლსკოე, ტოკარევკა, პონიატოვკა, ბელოზერკა, ქალაქ ხერსონის მიკრორაიონი ოსტროვი. ჩვენ გვესმის, რომ სხვა დასახლებებიც დაიტბორება, ამისთვის მზად ვართ“, – განაცხადა მან.
მისივე თქმით, ორგანიზებულია ამ დასახლებების მაცხოვრებლების ევაკუაცია.
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ადგილზე ყველა შესაბამისი სამსახური მუშაობს. მან ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს სხდომა მოიწვია.
როგორც უკრაინის ლიდერმა თქვა, კახოვსკაიას ჰიდროელექტროსადგურის აფეთქება ადასტურებს, რომ ოკუპანტები უკრაინის მიწის ყოველ მეტრს ტერორისთვის იყენებენ.
„რუსი ტერორისტები, კახოვსკაიას ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის განადგურებით, მხოლოდ ადასტურებენ მთელი მსოფლიოსთვის, რომ ისინი უნდა განვდევნოთ უკრაინის მიწის ყველა კუთხიდან. მათ არცერთი მეტრი არ უნდა დავუტოვოთ, რადგან ყველა მეტრს ტერორისთვის იყენებენ. მხოლოდ უკრაინის გამარჯვება დააბრუნებს უსაფრთხოებას და ეს გამარჯვება იქნება. უკრაინას ვერც წყლით, ვერც რაკეტებით, ან სხვა რამით ვერ შეაჩერებთ”, – დაწერა ზელენსკიმ ტელეგრამში.