“ჩვენი ამოცანაა, კიდევ უფრო მეტი ტერიტორიის მოკვლევა განხორციელდეს და დაცული ტერიტორიების ქსელი გაფართოვდეს” – „დაცული ტერიტორიების სააგენტოს” თავმჯდომარის მოადგილე

“ჩვენი ამოცანაა, უახლოეს პერიოდში კიდევ უფრო მეტი ტერიტორიის მოკვლევა განხორციელდეს და დაცული ტერიტორიების ქსელი გაფართოვდეს”, – ამის შესახებ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე „დაცული ტერიტორიების სააგენტოს“ თავმჯდომარის მოადგილემ, თამარ ხახიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, სააგენტოს მიერ ბუნების დაცვის, ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის კუთხით მნიშვნელოვანი ქმედებები ხორციელდება.

“ჩვენს უპირველეს ამოცანას სწორედ ბიომრავალფეროვნების დაცვა, მონიტორინგი და კონსერვაცია წარმოადგენს. ეკოტურიზმის განვითარებაზე მხოლოდ ამის პარალელურად ვზრუნავთ. ცალსახად უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში “დაცული ტერიტორიების სააგენტოს”, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხრიდან ბიომრავალფეროვნების დაცვის კუთხით ნამდვილად უპრეცედენტო ქმედებები ხორციელდება.
საქართველოს დაცული ტერიტორიები ქვეყნის 13 %-ს შეადგენს. ესაა 100 დაცული ტერიტორია და, დაახლოებით, 900 000-ზე მეტ ჰექტარს მოიცავს. დამეთანხმებით, ეს მცირე მასშტაბები არაა. ჩვენი ამოცანაა, უახლოეს პერიოდში კიდევ უფრო მეტი ტერიტორიის მოკვლევა განხორციელდეს და დაცული ტერიტორიების ქსელი გაფართოვდეს. წელს გურიის ეროვნული პარკის დაარსების საქმიანობების განხორციელებას ვგეგმავთ. უახლოეს პერიოდში ასევე დავიწყებთ სამეგრელოსა და სვანეთის ტერიტორიების მოკვლევას, დაახლოებით 70 ათას ჰექტარ ტერიტორიებზე.
ეროვნული პარკების და დაცული ტერიტორიების დაარსება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მექანიზმია იმისათვის, თუ როგორ უნდა მოხდეს მსგავსი ტერიტორიების მდგრადი განვითარება.
რაც შეეხება ჩვენ მიერ განხორციელებულ ნაბიჯებს: ბუნების დაცვის, ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის კუთხით მნიშვნელოვანი ქმედებები ხორციელდება. დავნერგეთ სმარტპატრულირების სისტემა, რაც საშუალებას გვაძლევს, რომ ველზე არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ჩვენი რეინჯერების მეშვეობით ავტომატურ რეჟიმში მივიღოთ, ამ ინფორმაციას თავი მოვუყაროთ და მონაცემთა ერთიანი ბაზის მეშვეობით ანგარიშების ანალიზი მოვახდინოთ.
კონსერვაციულ ქმდებებზეც მინდა, ვისაუბრო: მნიშვნელოვანია ჯეირნის რეინტროდუქცია, რომელიც რამდენიმე წლის წინ დავიწყეთ და წელს უკვე მეცხრე თაობა პოპულაციას ვხვდებით, ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე 300-ზე მეტი ინდივიდია. ასევე ყურადღება მინდა გავამახვილო, იმერული მუხის აღდგენის პროექტზე, გამომდინარე იქიდან, რომ ენდემურის სახეობაა და მხოლოდ აჯამეთში გვხვდება. აღნიშნული სახეობის კონსერვაციის კუთხით ჩვენი მხრიდან არაერთი ქმედება ხორციელდება. საქართველოში გასულ წელს ლეოპარდი გამოჩნდა, თუშეთის ტერიტორიებზე მისი მონიტორინგი დავიწყეთ და უახლოეს პერიოდში გარკვეული მონაცემები გვექნება იმაზე, თუ როგორ ხდება სხვადასხვა დაცულ ტერიტორიაზე აღნიშნული სახეობის გადაადგილება”, – განაცხადა ხახიშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოში წლიდან წლამდე ბრაკონიერობის ფაქტები მნიშვნელოვნად შემცირებულია.

“ბრაკონიერობა დაცულ ტერიტორიებზე ერთ-ერთ გამოწვევას წარმოადგენს. აქვე, აუცილებლად უნდა გავუსვათ ხაზი იმას, რომ საქართველოში წლიდან წლამდე ბრაკონიერობის ფაქტები მნიშვნელოვნად შემცირებულია. გამომდინარე იქიდან, რომ საზოგადოება აანალიზებს იმ სარგებელს და პასუხისმგებლობას, რაც ბუნების დაცვის მიმართ გააჩნიათ. ასევე ჩვენ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისთვის არაერთი მიმართულებით ვმუშაობთ. სკოლის, ბაღის ასაკიდან ვცდილობთ ცნობიერების ამაღლების აქტივობებს, რაც ეკოგაკვეთილების, ეკოლექციების ინტენსიურად ჩატარებას მოიცავს, განსაკუთრებით რეგიონებში, რათა საზოგადოებას მაქსიმალური ინფორმაცია მიეწოდოს ზოგადად იმ ზიანის შესახებ, რასაც ბრაკონიერობა ჰქვია”, – განაცხადა ხახიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები