დღეიდან პურის დამზადებაში ახალი რეგულაციები შემოდის – „პურის მცხობელთა ასოციაციის“ თავმჯდომარე განმარტავს, რა მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილონ მწარმოებლებმა
დღეიდან პურის დამზადებაში ახალი რეგულაციები შემოდის. საუბარია HACCP -ის სტანდარტზე. რა მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილონ მწარმოებლებმა – ამ საკითხთან დაკავშირებით განმარტება „პურის მცხობელთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ, მალხაზ დოლიძემ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
“ეს მარტო პურის წარმოებისთვის არ კეთდება. ეს კეთდება მათთვის, ვინც საქართველოში სურსათს ამზადებს, ეხება საზოგადოებრივ კვებას, სასადილოებს. სურსათის დამზადების ტექნოლოგიები მკაცრდება. HACCP -ის სტანდარტი წარმოებაში კრიტიკული ადგილების აღმოფხვრას ითვალისწინებს, რათა სურსათი მოსახლეობას უსაფრთხოდ მიეწოდოს. სურსათში შედარებით უსაფრთხო პურია, რადგან 220 გრადუსზე ცხვება და ყველა მიკრობი სიცოცხლისუნარიანობას კარგავს. თუმცა, მოვიდა იმის დრო, რომ ცივილური წესები იქნეს შემოღებული. იმას სწავლება არ უნდა, რომ პირი, ხელები დაიბანო, სანიტრულ – ჰიგიენური წესები დაიცვა. წარმოება სათანადოდ ვენტილირებული, სათანადო ტექნიკით აღჭურვილი უნდა იყოს. მწარმოებელს მოსთხოვენ, მეტად მოწესრიგდეს, პროდუქტი ისე უნდა იყოს დამზადებული, რომ ადამიანებს გულიც მიუვიდეთ და გარანტირებულიც იყოს, რომ ნორმალურად დამზადების ყველა პირობა დაკმაყოფილებულია.
ჯერ კიდევ კორონავირუსის დროს, როდესაც სტანდარტი ყველა პურის შეფუთვას არ ითვალისწინებდა, ყველა პური შეფუთული გამოდიოდა. ამას პურის მრეწველობის სასახელოდ ვამბობ. ამით მოსახლეობა კმაყოფილი იყო. რა წესები შემოდის: რა თქმა უნდა, წარმოებებში მაგნიტური საცერი უნდა იყოს, შიგნით რაღაც რომ არ მოხვდეს, ასევე უზრუნველყოფილი უნდა იყოს შესაბამისი განათება, ვენტილაცია, სანიტრულ- ჰიგიენური წესების დაცვა. ეს წესები შემოდის, ამას მოითხოვენ. ისე კი არ იქნება, რომ მიზანმიმართულად ვინმე დააჯარიმონ, ასწავლიან, რომ ყველაფერი მოწესრიგდეს. ეს ეხებათ როგორც პურის მწარმოებლებს, ისე – ყველას, ვინც სურსათს ამზადებს.
“სურსათის ეროვნულ სააგენტოში” ერთი- ორი შეხვედრაც გვქონდა, მეწარმეებს ბევრი კითხვა გაუჩნდათ, გაიდლაინიც გაკეთდა, რომლითაც გაწერილია მცირე, საშუალო წარმოებებში რა როგორ უნდა იყოს. ეს რეკომენდაციები ნედლეულიდან იყო დაწყებული: უნდა იცოდე მომწოდებელი, საიდან, რა ხარისხი მოგაწოდეს, რეგისტრირება უნდა გააკეთო. რა დანამატებს ხმარობ, ამის დოკუმენტაციაც უნდა იყოს, რომ პროდუქტში რაღაც ისეთი არ მოხვდეს, რომელიც ადამიანს ავნებს”, – განაცხადა დოლიძემ.
ცნობისთვის, დღეიდან სურსათის მწარმოებელი, გადამამუშავებელი, რეალიზატორი ყველა ბიზნესოპერატორისთვის საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP) სისტემის დანერგვა სავალდებულო ხდება.
“სურსათის ეროვნული სააგენტოს” ცნობით, ახალი რეგულაცია გავრცელდება შემდეგ ბიზნესოპერატორებზე:
სასურსათო მაღაზია, მარკეტი; თაფლის რეალიზაცია; ნახევარფაბრიკატების რეალიზაცია; ბავშვთა კვების წარმოება, რეალიზაცია, რძითა და რძის პროდუქტებით ვაჭრობა, ხილ-ბოსტნეულის რეალიზაცია;
აგრარული ბაზარი; დახლზე ვაჭრობა, ხორცის რეალიზაცია;
ბადაგისა და ჩურჩხელის წარმოება;
კვების პროდუქტების შენახვა, შეფუთვა, დაფასოება;
მცენარეული ცხიმის, მაიონეზის, ზეთის, მარგარინის წარმოება;
საქართველოს ტერიტორიაზე სარეალიზაციოდ განკუთვნილი ნიგვზის, თხილის, მზესუმზირის და მისთანების გადამუშავება, რეალიზაცია;
პურ-ფუნთუშეულის წარმოება, ფქვილოვანი პროდუქციის წარმოება, პურის საცხობი, თონე, არახანგრძლივი შენახვის საკონდიტრო ნაწარმის წარმოება, ბურბუშელას წარმოება, ფქვილის, ბურღულეულის წარმოება, მარცვლეულის, ფქვილის რეალიზაცია, ორცხობილებისა და მშრალი ნამცხვრების წარმოება; ხანგრძლივი შენახვის ცომეული საკონდიტრო ნაწარმის და ნამცხვრების წარმოება, პურის დისტრიბუცია, პურ-ფუნთუშეულით ვაჭრობა, საკონდიტრო წარმოება, შოკოლადის წარმოება, წისქვილი;
საკონსერვო წარმოება;
სუნელ-სანელებლების წარმოება, დაფასოება, შენახვა, რეალიზაცია; საკვებდანამატების წარმოება, შენახვა, რეალიზაცია; აჯიკის, მდოგვის, სვანური მარილის წარმოება, დაფნის ფოთლის წარმოება, რეალიზაცია;
უალკოჰოლო სასმელების, ბოთლის სასმელი წყლის წარმოება, ყავის და ჩაის გადამუშავება, რეალიზაცია, დისტრიბუცია, ცენტრალიზებული წყალმომარაგება;
შაქრის, მარილის წარმოება;
გამომშრალი ხილის წარმოება, ჩიფსის წარმოება.
მათივე ცნობით, HACCP-ის სისტემის დანერგვა ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) შესაბამისად, სხვადასხვა პროფილის ბიზნესოპერატორთან ეტაპობრივად მიმდინარეობს.
2015 წლიდან HACCP სავალდებულოა ნედლი რძის თერმულად გადამამუშავებლებისა და ცხოველთა სასაკლაოებისთვის;
2019 წლიდან – ექსპორტისთვის განკუთვნილი თხილის გულისა და გადამუშავებული თხილის გულის დამამზადებლებისთვის;
2021 წლის იანვრიდან – ცხოველური წარმოშობის სურსათის წარმოება ან/და გადამმუშავებლებისთვის;
2021 წლის ივნისიდან – სურსათის წარმოება/გადამმუშავებლებისთვის საცალო ვაჭრობის პუნქტში.