საქართველოს დამოუკიდებლობის დღე იერუსალიმში
23 მაისს, იერუსალიმში, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სიმფონიური ორკესტრმა დავით მუქერიას დირიჟორობით, საქართველოს საელჩოს ისრაელში და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ქართული მუსიკის კონცერტი გამართა.
როგორც „კვირას“ „საქართველოს სინფონიეტას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა თეა მუქერიამ აცნობა, კონცერტზე შესრულდა: ზაქარია ფალიაშვილის, ვიქტორ დოლიძის, დიმიტრი არაყიშვილის, სულხან ცინცაძის, რევაზ ლაღიძის, ლია იაშვილის, ვაჟა აზარაშვილისა და სოსო ბარდანაშვილის მუსიკა. მუსიკის ვერსიის ავტორი გახლდათ ქართველი კომპოზიტორი არჩილ გიორგობიანი.
მონაწილეობდნენ: სოფო ხალვაში, ხათუნა დონდუა, აჩიკო გოგიტიძე, მორის მელაძე და ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის საოპერო დასის სოლისტები: სულხან ჯაიანი და ოთარ (ბაჩო) ნაკაშიძე.
„საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მიღება იერუსალიმში ყოფილი ქართული მონასტრის ტერიტორიაზე გაიმართა, სადაც 1932 წელს, სამუელ ქართველთა ეპისკოპოსის საფლავის ქვა არის აღმოჩენილი და რომელიც მოწმობს ქართველების კვალს წმინდა მიწაზე.
აღნიშნული წარწერა ისრაელის სიძველეთა სამსახურთან თანამშრომლობით, ბათუმის სიმფონიური ორკესტრის კონცერტის დროს სცენაზე იყო წარმოდგენილი.
მიღების გარე სივრცეში მოწყობილ ორ სცენაზე, რომელსაც 1200 მოწვეული სტუმარი ესწრებოდა, ერთმანეთს ენაცვლებოდნენ: ბათუმის ცეკვის ანსამბლი „ხორუმი”; ანსამბლი „ბათუმი” და 6 თვის წინ საელჩოს ხელშეწყობით ჩამოყალიბებული ბავშვთა ცეკვის და სიმღერის ანსამბლები.
წარმატებულ საღამოს ვულოცავთ ყველა მონაწილესა და ორგანიზატორს: ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის დირექტორს, ბატონ გია მიქელაძეს; ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, ბატონ ჯაბა სალუქვაძეს; მუსიკალური ცენტრის ორკესტრსა და დირიჟორს, ბატონ დავით მუქერიას, აგრეთვე წარმატებას ვულოცავთ თითოეულ მომღერალსა და მუსიკოსს.
ორგანიზებისა და მხარდაჭერისთვის მადლობას ვუხდით აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, პირადად მინისტრს, ქალბატონ მაია ხაჯიშვილს.
ამ მნიშვნელოვანი დღეების მასპინძლობისა და ორგანიზებისთვის უღრმესი მადლობა საქართველოს ელჩს ისრაელში, ბატონ ლაშა ჟვანიას“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.