პირნათელი დარჩა წარსულის, აწმყოს და მომავლის წინაშე – ნანა ღვინეფაძეს 95 წელი შეუსრულდებოდა

მრგვალი თარიღების აღნიშვნა მხოლოდ სიმბოლური ამბავია. ადამიანთა მოდგმამ ხსოვნის უკვდავდავსაყოფად ასე დაადგინა და ალბათ სულ ასე იქნება, სანამ კაცობრიობა იარსებებს.
მთავარი უფრო ის არის, როგორი კვალი დატოვე ცხოვრებაში, რას გაიხსენებენ შენს სახსოვრად?
ნანა ღვინეფაძის ღვაწლი იმდენად შესამჩნევია ყველა იმ სფეროში, სადაც მან იღვაწა, რომ საქმე თავისით ღაღადებს და მის მეორე ანუ მარადიულ სიცოცხლეს მეტ ნათელს უმატებს…
ჟურნალისტი, პოეტი, თეატრმცოდნე, მთარგმნელი. ის პირნათელი და ნეტარი დარჩა წარსულის, აწმყოს და მომავლის წინაშე, რადგან მისაგებელი უანგაროდ მიუძღვნა თავის ხალხს და ქვეყანას.
დღეს ქალბატონი ნანას 95-ე დაბადების დღეა და კრძალვით, უდიდესი მადლიერებით, ვიხსენებთ მის ღირსეულად გავლილ გზას, რომელმაც ამდენი სიხარული და ნათელი უმატა ადამიანთა გულებს.
ნანა ღვინეფაძის პოეზიას, თარგმანებს, ჟურნალისტიკას მუდამ ეყოლება დამფასებელი, რადგან მათი წამკითხველი უმალ იგრძნობს, რომ ის თავის სიტყვიერ მოსავალს მუდამ უდიდესი პასუხისმგებლობით და მომავლის წინაშე გამძაფრებული განცდით ეკიდებოდა.
უმაღლესი პროფესიონალიზმის გარდა,  ქალბატონი ნანა იყო, უფაქიზესი სულის პატრონი, რომელსაც უმალ გრძნობდა პირველად შემხვედრიც კი. მე ზევით შემთხვევით არ მიხსენებია სიტყვა „ნეტარი”. იგი ჭეშმარიტად ნეტარი იყო, რადგან შეეძლო, შვება ეჩუქებინა მიუსაფარი და იმედდაშრეტილი ადამიანისთვისაც კი!
განა ნაზი შამანაურის ეს სიტყვები არ ამყარებს ჩემს აზრს ქალბატონი ნანას უჩვეულო სხივსა და ძალმოსილებაზე:
„…თქვენ ერთმა ქართველმა პოეტმა აყვავებულ ატმის ხეს შეგადარათ. მეც ასე დაგინახეთ. მახსოვს, მე შემოვედი, თქვენ იდექით სარკმელთან – შუბლი შუშისთვის მოგედოთ. პატარა, უჩვეულო ცის ნაჭერი ირეკლებოდა თქვენს სიახლოვეს. აი, მე ვისურვებდი ეს პატარა, კრიალა, უსასრულოდ დიდი გამხდარიყოს…
ჩვენ არასოდეს გვისაუბრია, მაგრამ ასე მგონია, ეს ჩვენი სულები საუბრობენ…
ჩემს თვალში აყვავებული ატმის რტო ხართ!… გეხვევით თბილად”.
… შემთხვევითი როდია, რომ ნანა ღვინეფაძე ქაშუეთის ტაძრიდან გამოასვენეს 2020 წლის 30 ივნისს… ნეტარი სული ამგვარ ბოლოს ბუნებრივად და ალალად იმკის.
გიორგი ლალიაშვილი ლონდონიდან

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები