ირაკლი კობახიძე: ჩვენ არ ვართ სალომე ზურაბიშვილი და არ ვიცით, ის რას იზამს, მაგრამ არცერთ შემთხვევაში არ გვინდა მასთან საჯარო პოლემიკაში შესვლა
“ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველ გუნდს საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან საჯარო პოლემიკაში შესვლა არ სურს.
კობახიძე იმედოვნებს, რომ პრეზიდენტის განცხადებები ქვეყნისთვის დამაზიანებელი არ იქნება.
„ჩვენ არ ვართ სალომე ზურაბიშვილი და არ ვიცით, ის რას იზამს, მაგრამ ჩვენი მკაფიო პოზიციაა, არცერთ შემთხვევაში არ გვინდა მასთან საჯარო პოლემიკაში შესვლა. აქედან გამომდინარე, მოვერიდებით კომენტარების გაკეთებას მის განცხადებებთან დაკავშირებით, თუ არ ჩავთვლით, რომ რომელიმე განცხადება, პოზიცია არის ღირებული ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის. სხვა შემთხვევაში, თავს შევიკავებთ ნებისმიერი კომენტარისგან. ერთადერთი მინდა იმედი გამოვთქვა, რომ მისი განცხადებები არ იქნება დამაზიანებელი ჩვენი სახელმწიფოებრივი ინტერესებისთვის, მათ შორის, ევროინტეგრაციის კუთხით“, – განაცხადა კობახიძემ.