ევროპასთან ინტეგრაციის და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ანგარიში მოისმინეს

დასაქმების, სოციალური პოლიტიკისა და თანაბარი შესაძლებლობების, ასევე საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროებში საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის 2022 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ანგარიში მოისმინეს დღეს ევროპასთან ინტეგრაციის და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

უწყების ცნობით, სხდომაზე ანგარიში ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ ბარკალაიამ წარადგინა და ძირითადი ყურადღება იმ ვალდებულებების შესრულების  პროგრესზე გაამახვილა, რომელიც ასოცირების დღის წესრიგით სამინისტროს მანდატით არის გათვალისწინებული.

„ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური უზრუნველყოფის, შრომის სფერო ეს ის საკითხებია, რაც ჩვენს მოქალაქეებს ყველაზე მეტად აინტერესებთ და ამ სფეროებში სწორედ ევროკავშირთან დაახლოება და ევროპული სტანდარტების დანერგვა ნამდვილად არის ასოცირების შეთანხმების  ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება.

ევროკავშირთან ინტეგრაცია სწორედ ამას გულისხმობს, პირველ რიგში, რომ საქართველოში, სხვადასხვა სფეროში, სხვადასხვა მიმართულებით რაც შეიძლება ეფექტიანად დაინერგოს ევროპული სტანდარტები, რაც უშუალოდ ჩვენს მოქალაქეებზე ახდენს გავლენას და აუმჯობესებს მათი ცხოვრების სტანდარტებს“, – აღნიშნა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა.

მინისტრის მოადგილემ ისაუბრა შშმ ბავშვების დეინსტიტუციონალიზაციაზე; დასაქმების პოლიტიკაზე; შრომის ინსპექციის საქმიანობაზე; ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე და სხვა სფეროების მიმართულებებით აღებული ვალდებულებების შესრულების თაობაზე.

„დეინსტიტუციონალიზაცია საქართველოს სახელმწიფოსათვის ბოლო ათი წლის განმავლობაში არის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი – დიდი ზომის ინსტიტუციების დახურვა, ალტერნატიული სერვისების განვითარება იმგვარად, რომ ყველა ბავშვი და შშმ პირი, რომლებიც საჭიროებენ სახელმწიფოს მხარდაჭერას, იყვნენ ოჯახთან მიახლოებულ გარემოში“, – განაცხადა მომხსენებელმა.

მისივე თქმით, 2022 წელს დასრულდა დეინსტიტუციონალიზაციის პროცესი ბავშვთა სახლებისათვის, როდესაც ჩვილ ბავშვთა სახლი დაიხურა და ბავშვები გადაიყვანეს ალტერნატიული ზრუნვის  ობიექტებში – მცირე  საოჯახო ტიპის სახლებში, შშმ პირთა დეინსტიტუციონალიზაცია კი მიმდინარე პროცესია.

მისივე ინფორმაციით, დაინერგა გენდერული ნიშნით ძალადობის წინააღმდეგ კანონმდებლობა, მთავრობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტად რჩება ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისათვის ხარისხიან სამედიცინო მომსახურებაზე წვდომის უზრუნველყოფა, ერთ-ერთი პრიორიტეტია დევნილების საცხოვრებლით უზრუნველყოფა, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა მედიაციის მექანიზმის მუშაობა, შემუშავდა საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა ინტეგრაციის ხელშემწყობი პროგრამები, შრომითი მიგრაციის სფეროში სახელმწიფოთაშორისი თანამშრომლობის განვითარების და საზღვარგარეთ დროებითი ლეგალური დასაქმების შესაძლებლობების გაფართოების მიზნით ცირკულარული შრომითი მიგრაციის მიმართულებით ხელშეკრულებები დაიდო რამდენიმე ქვეყანასთან და ა. შ.

კომიტეტების წევრებმა ასევე მოისმინეს ინფორმაცია ჯანდაცვის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის  ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციაზე, მათ შორის სისხლის კომპონენტებისა და ადამიანის ორგანოთა გადანერგვის საკანონმდებლო მოწესრიგებაზე ევროკავშირის მოთხოვნების შესაბამისად, აგრეთვე სხვა სამომავლო საკანონმდებლო ინიციატივებზე.

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძის შეფასებით, წარმოდგენილი ანგარიში მოწმობს, რომ მართლაც მნიშვნელოვანი ღონისძიებებია განხორციელებული საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმებისა და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის 2022 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების მიზნით.

„ხაზგასმით აღვნიშნავდი სამ მომენტს, პირველი ეს არის, რომ საქართველოს პარლამენტმა მიიღო სისხლის უსაფრთხოების სფეროში კანონი, რომელიც სრულ ჰარმონიზაციაშია ევროკავშირის დირექტივებთან და კანონმდებლობასთან. ვამთავრებთ მუშაობას და ამ საგაზაფხულო სესიაზე მივიღებთ კანონს ორგანოთა ტრანსპლანტაციასა და გადანერგვის შესახებ, რომელიც ასევე ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციაშია. არ შეიძლება არ აღვნიშნო ჩვენი პარლამენტის, ჩვენი სახელმწიფოს წარმატებები იმ სფეროში, რომელიც თამბაქოს ეხება – ეს არის თამბაქოს კონტროლის შესაბამისი ცვლილებები, რომელიც ხუთი წლის წინ მივიღეთ და, ვფიქრობ, აქ ევროკავშირის ბევრ ქვეყანასაც კი ვუსწრებთ“, – განაცხადა ზაზა ლომინაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები