დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა შიდა სახმელეთო წყლების ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ კანონში ცვლილებების თაობაზე იმსჯელა
მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ” კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა.
პარლამენტის ინფორმაციით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილმა კომიტეტს ცვლილებების არსი და მათი განხორციელების მიზნები გააცნო.
მისი თქმით, კანონპროექტის მიღებით ერთიან სატრანსპორტო სისტემაში მოექცევა შიდა სახმელეთო წყლების ტრანსპორტი. ასევე, განისაზღვრება შიდა სახმელეთო წყლების ტრანსპორტის ტექნიკური მარეგულირებელი ორგანო. შემუშავდება და დამტკიცდება საქართველოს შიდა სახმელეთო წყლების ტრანსპორტის უსაფრთხოების წესები. ეს ყოველივე კი უზრუნველყოფს საქართველოს მდინარეებზე, ტბებსა და წყალსაცავებზე მცურავი საშუალებების ნაოსნობის უსაფრთხოების დონის ამაღლებას.
კომიტეტმა მხარი დაუჭირა განხილულ კანონპროექტს და მისგან გამომდინარე ცვლილებათა პაკეტს. კომიტეტმა სხდომაზე, ასევე იმსჯელა საქართველოს პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრის თანამდებობაზე მთავრობის მიერ წარმოდგენილი დავით თვალაბეიშვილის კანდიდატურის თაობაზე. დავით თვალაბეიშვილმა კომიტეტის წევრებს საკუთარი გამოცდილებისა და საქმიანობის შესახებ ინფორმაცია გააცნო. ისაუბრა თავის შეხედულებებზე და მოსაზრებებზე სემეკის საქმიანობასთან დაკავშირებით. ასევე, მისი წევრად არჩევის შემთხვევაში თავისი საქმიანობის გეგმებზე. რაც, მისი თქმით, უნდა განხორციელდეს რათა სემეკმა მეტად ეფექტურად შეიტანოს წვლილი ამ მნიშვნელოვანი მიმართულების, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების განვითარებაში. კომიტეტმა მხარი დაუჭირა დავით თვალაბეიშვილის არჩევის საკითხის პლენარულ სხდომაზე გატანას.