კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გადაღებული ფილმის – „ანიმაციის თავგადასავალი საქართველოში“ – საპრემიერო ჩვენება გაიმართა

კინოთეატრ „კავეაში“  საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფინანსებით გადაღებული ფილმის – „ანიმაციის თავგადასავალი საქართველოში“ – ჩვენება გაიმართა.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიებას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი და კულტურის სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
დოკუმენტური ფილმი „ანიმაციის თავგადასავალი საქართველოში“ არის კულტურის სამინისტროს კონკურსის – „დოკუმენტური/სამეცნიერო-პოპულარული კინოს ხელშეწყობა“ – გამარჯვებული. კონკურსის მიზანია საქართველოში დოკუმენტური/სამეცნიერო-პოპულარული კინოს ხელშეწყობა და თავისუფალი ხელოვანების/კერძო სტუდიების შემოქმედებითი საქმიანობის წახალისება.
სცენარის ავტორი და რეჟისორია დიმიტრი ბუთლიაშვილი. ფილმში ასახულია ქართული ანიმაციური ხელოვნების თითქმის ასწლოვანი ისტორია, მისი დღევანდელობა და საიმედო მომავალი. საინტერესოდ არის წარმოდგენილი ვიზუალური და დოკუმენტური მასალა, ძველი და ახალი ქართული ანიმაციური ფილმების უამრავი ფრაგმენტი; გვაცნობს წარსულში და დღეს საქართველოში მოღვაწე ანიმატორებს, მხატვრებს, კომპოზიტორებს, რომლებმაც წლების განმავლობაში შექმნეს ქართული ანიმაციური ხელოვნება.
ინფორმაციისთვის: 2022 წელს კულტურის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსში – „დოკუმენტური/სამეცნიერო-პოპულარული კინოს ხელშეწყობა“ – გაიმარჯვა ხუთმა პროექტმა: „ანიმაციის თავგადასავალი საქართველოში“ (განმახორციელებელი ი/მ გიორგი ჭუმბურიძე), „კლდეში ნაკვეთი ისტორია“ (განმახორციელებელი შპს კინოსტუდია „ხომლი“), „ლელობურთის შთამომავლები“ (განმახორციელებელი ა(ა)იპ „ეთნოფილმი“), „…მათ სხვა დრო წამოეწიათ“ (განმახორციელებელი ი/მ გიორგი მოლოდინაშვილი), „ქართული ინჟინერიის შედევრები“ (განმახორციელებელი შპს საპროდიუსერო სტუდია „აკრობატი“).

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები