„სიმბოლოების ენა“ – ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში
2023 წლის მუზეუმის საერთაშორისო დღის თემაა: „მუზეუმები, მდგრადი განვითარება და კეთილდღეობა“. თბილისის მუზეუმების გაერთიანება ეხმიანება ICOM-ის წლის თემას და გთავაზობთ კვირეულისთვის შექმნილ საგანმანათლებლო პროგრამას – „სიმბოლოების ენა“ ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ – მემორიალურ მუზეუმში.
ორგანიზატორების ინფორმაციით, პროგრამა ჩატარდება 25 მაისს, 12:00 საათზე.
ადამიანები ყოველდღიურად უამრავ სიმბოლოს ვიყენებთ კომუნიკაციისთვის, რაც აადვილებს სივრცეში ორიენტაციას, სიახლის მიღებას, შემეცნებას, ემოციებისა და გრძნობების გამოხატვას. ყველა ასეთ სიმბოლოს შეესატყვისება შესაბამისი ნიშანი. ეს სიმბოლოები დიდი ხნის განმავლობაში ყალიბდებოდა, ამიტომ მათ შექმნას თავისი საინტერესო ისტორია და საფუძველი აქვს.
სიმბოლოები არ ხსნიან ცნებებს ისე როგორც ამას ენა განმარტავს. მათი საშუალებით ცნებები უფრო გასაგები ხდება. ამას ისიც უწყობს ხელს, რომ სიმბოლოები უფრო მეტად მოქმედებენ ადამიანის ქვეცნობიერ აზროვნებაზე. ამდენად, სიმბოლოები შუამავლობს ხილულსა და უხილავს შორის, კონკრეტულსა და აბსტრაქტულს შორის, ისინი ხელს უწყობენ რეალობის გააზრებას და შემეცნებას. მსგავს სიმბოლოებს ვხდებით საზოგადოებრივი საქმიანობის თითქმის ყველა სფეროში.
საგანმანათლებლო პროგრამის „სიმბოლოების ენა“ მონაწილეები ვიზუალური მასალის საშუალებით გაეცნობიან: მსოფლიოში დამკვიდრებული სხვადასხვა სიმბოლოს ისტორიასა და მნიშვნელობას.
პროგრამის დასასრულს მონაწილეები ქაღალდისგან დაამზადებენ სიმბოლოებს და ააწყობენ მობილს (ოთახის მოსართავი მოწყობილობა).
პროგრამა მომზადებულია მუზეუმების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულისთვის.