ქანდაკების ფესტივალის ფარგლებში ბავშვთა და მოზარდთა სკულპტურული ნამუშევრების გამოფენა იმართება
25 მაისს, 17:00 საათზე „ქანდაკების ფესტივალი – 2023“-ს ფარგლებში ბავშვთა და მოზარდთა სკულპტურული ნამუშევრების გამოფენა „მომავალი მოქანდაკე“ გაიხსნება.
თბილისის არქიტექტორთა და სკულპტორთა ასოციაციის ინფორმაციით, ღონისძიებას მერაბ ბერძენიშვილის საერთაშორისო კულტურის ცენტრი „მუზა“ მასპინძლობს. ქანდაკების ფესტივალი თბილისის არქიტექტორთა და სკულპტორთა ასოციაციის ორგანიზებითა და საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
გამოფენაზე საქართველოს მასშტაბით სასკოლო ასაკის მოზარდების ნამუშევრები იქნება წარმოდგენილი. ბავშვების მიერ პროექტის ფარგლებში შექმნილი სამგანზომილებიანი სკულპტურები, რელიეფები, თუ სხვა ტიპის ნამუშევრები, საგამოფენოდ ელექტრონული კონკურსის გზით შეირჩა.
საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილი იქნება 90-მდე სკულპტურული ნამუშევარი. მრავალფეროვანი ექსპოზიცია დამთვალიერებლებს საშუალებას მისცემს გაეცნონ „მომავალი მოქანდაკეების“ წარმოსახვასა და შემოქმედებას, მათ მიერ გააზრებულ სხვადასხვა თემებსა და სტილებს. თითოეული მონაწილე დაჯილდოვდება სამახსოვრო სიგელით.
„მომავალი მოქანდაკე“ ქანდაკების ფესტივალის რიგით მეორე ღონისძიებაა. ფესტივალი 16 მაისს, ცნობილი ქართველი მოქანდაკის. ნიკოლოზ კანდელაკის ნამუშევრების გამოფენით გაიხსნა. გარდა აღნიშნული გამოფენებისა, ფესტივალის პროგრამა აერთიანებს ქანდაკების სტუდენტურ სიმპოზიუმს, საგანმანათლებლო-შემეცნებით ლექციებს, დისკუსიებს. ღონისძიების ფარგლებში ქვეყანას უცხოელი ხელოვანები ესტუმრებიან, რაც ხელს შეუწყობს მჭიდრო შემოქმედებითი კონტაქტების დამყარებას. ქანდაკების ფესტივალი მიმდინარე წლის ოქტომბრამდე გაგრძელდება.
ქანდაკების ფესტივალის საინფორმაციო მხარდამჭერია საზოგადოებრივი მაუწყებელი.