საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 3 თვის ანგარიში მოისმინა
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 3 თვის ანგარიში მოისმინა.
ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ ეკონომიკურ პარამეტრებზე საუბრისას განაცხადა, რომ პირველ კვარტალში ეკონომიკურმა ზრდამ 7.2 პროცენტი შეადგინა. მისივე თქმით, დადებითი დინამიკაა ინფლაციის მიმართულებით, კერძოდ, ინფლაცია შემცირდა და 2023 წლის მარტში 5.3% შეადგინა, აპრილში კი – 2.7 პროცენტია. რაც შეეხება ლარის გაცვლით კურსს, 2023 წლის მარტში, 2022 წლის დეკემბერთან შედარებით, ლარი აშშ დოლარის მიმართ 5.2 პროცენტით გამყარდა, ხოლო ლარის საშუალო კურსი სავაჭრო პარტნიორების გაცვლით კურსთან გამყარდა 6.4 პროცენტით. გიორგი კაკაურიძის განცხადებით, საგარეო სექტორშიც დინამიკა პოზიტიურია.
„პირველ კვარტალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 4 783.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 22.1 პროცენტით მეტია. აქედან, ექსპორტი 1 461.5 მლნ აშშ დოლარს შეადგენს (24.7 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 3 322.2 მლნ აშშ დოლარს (21.0 პროცენტით მეტი)”, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ. მისივე თქმით, 2023 წლის პირველ კვარტალში საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ევროკავშირია, რომლის წილი მთლიან საქონელბრუნვაში 21.5%-ს შეადგენს. ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლების შესრულებაზე საუბრისას, გიორგი კაკაურიძემ განაცხადა, რომ საანგარიშო პერიოდში მობილიზებულია 4 609 272.2 ათასი ლარი, საპროგნოზო მაჩვენებლის 101.2%, ხოლო დღგ-ს დაბრუნების მაჩვენებელმა შეადგინა 614 329.6 ათასი ლარი. მისი თქმით, პირველ კვარტალში, გრანტების სახით მობილიზებულია 116 353.3 ათასი ლარი, რაც საპროგნოზო მაჩვენებლის 119.4%. ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, მიმდინარე წელს ბიუჯეტის დეფიციტი დაგეგმილ პარამეტრს 2.8 პროცენტს არ გადააჭარბებს და ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ დეფიციტის მაჩვენებელი კიდევ უფრო შემცირდეს. მისი თქმით, სახელმწიფო ბიუჯეტშიც შესრულების პარამეტრები კარგია, კერძოდ: გადასახადები შესრულებულია 100 პროცენტზე მეტი მაჩვენებლით, გრანტების სახით – 131 პროცენტით, სხვა შემოსავლები 130 პროცენტით, პრივატიზაცია შესრულებულია 106 პროცენტით, ხოლო სესხების დაბრუნება – 103.8 პროცენტით.