პროკურატურამ სოფელ ვაზისუბანში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ გურჯაანის რაიონის სოფელ ვაზისუბანში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა, – ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
მათივე ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 21 მაისს, სოფელ ვაზისუბანში, ბრალდებული და დაზარალებული წარსულში მომხდარი კონფლიქტის გამო, ერთმანეთს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ, რის შემდეგაც ბრალდებულმა შურისძიების მოტივით, დაზარალებულს სანადირო თოფიდან რამდენჯერმე ესროლა. მიყენებული ცეცხლნასროლი დაზიანებების შედეგად, ეს უკანასკნელი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ათიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე თელავის რაიონულ სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები