რუსეთი ბელგორდში განვითარებულ მოვლენებს გამოიყენებს, რათა გაამყაროს თავისი “ოფიციალური ვერსია, რომ არის ამ ომში მსხვერპლი“.
ამის შესახებ ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო მიმოხილვაშია ნათქვამი.
ბრიტანელმა ანალიტიკოსებმა აღნიშნეს, რომ 19-დან 22 მაისამდე პერიოდში რუსეთის უშიშროების ძალები, სავარაუდოდ, დაპირისპირებაში აღმოჩნდნენ პარტიზანებთან, ბელგოროდის რეგიონის, სულ მცირე, სამ ლოკაციაზე. ამ მოვლენებზე პასუხისმგებლობა რუსულმა ანტირეჟიმულმა დაჯგუფებებმა აიღეს.
„ყველაზე სერიოზული ინციდენტი ქალაქ გრაივორონის რაიონში მოხდა. მცირე იარაღიდან სროლების გარდა, გაიზარდა დრონებით თავდასხმები. რუსეთმა რამდენიმე სოფლის ევაკუაცია მოახდინა და რეგიონში დამატებითი ძალები გაგზავნა”,- აღნიშნულია ანგარიშში.
ბრიტანელი ანალიტიკოსები ამბობენ, რომ რუსეთს საზღვრისპირა რეგიონებში სულ უფრო სერიოზული მრავალმხრივი უსაფრთხოების საფრთხე ემუქრება: საბრძოლო თვითმფრინავების დაკარგვა, რკინიგზის ხაზებზე ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობებით თავდასხმები და ახლა უკვე პირდაპირი პარტიზანული მოქმედებები.
”რუსეთი აუცილებლად გამოიყენებს ამ ინციდენტებს, რათა გაამყაროს თავისი ოფიციალური ვერსია, რომ ამ ომში არის მსხვერპლი”, – აცხადებენ ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროში.