ევროკავშირმა დაგმო სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) პროკურორისა და სამი მოსამართლის წინააღმდეგ რუსეთის ხელისუფლების მიერ დაწყებული სისხლის სამართლის პროცესი.
უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ნათქვამია საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის განცხადებაში.
„რუსეთის ნებისმიერი ქმედება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მანდატის წინააღმდეგ და უკრაინაში ჩადენილი საერთაშორისო დანაშაულების გამოძიებაში მონაწილე პირების დაშინების მცდელობა პოლიტიკურად მოტივირებული, უსაფუძვლო, გაუმართლებელი და მიუღებელია. ეს კრემლის მიერ საერთაშორისო წესებისა და საერთაშორისო სამართლის უპატივცემულობის კიდევ ერთი გამოვლინებაა“, – ნათქვამია განცხადებაში.
ევროკავშირმა დაადასტურა თავისი სრული მხარდაჭერა ICC-ისადმი, როგორც დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლო ინსტიტუტისადმი, რომელსაც მსოფლიოს ყველა რეგიონიდან 120-ზე მეტი სახელმწიფო ენდობა.
„ჩვენ მტკიცედ ვდგავართ სასამართლოს მხარეს და ვრჩებით მოწოდებულნი, დავიცვათ მისი პერსონალი ყოველგვარი გარე ჩარევისგან, რომელიც მიზნად ისახავს მართლმსაჯულების შეფერხებას და ძირს უთხრის სისხლის სამართლის საერთაშორისო სისტემას. მოვუწოდებთ ყველა სახელმწიფოს დაიცვან რომის წესდება და ღირებულებები. გაერთიანდით დაუსჯელობის წინააღმდეგ“, – აღნიშნა ბორელმა.