“გაეროს უშიშროების საბჭოს რეფორმირების დრო დადგა” – გუტიერეში

გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტიერეშმა განაცხადა, რომ დადგა დრო,  მოხდეს ორგანიზაციის როგორც უშიშროების საბჭოს, ასევე, ბრეტონ-ვუდსის რეფორმები, რომ ისინი “დღევანდელი სამყაროს რეალობას” შეესაბამებოდეს.

ამის შესახებ მან ჰიროსიმაში პრესკონფერენციაზე თქვა, სადაც G7-ის ლიდერთა სამიტი გაიმართა.

მისი თქმით, ორივე ინსტიტუტი 1945 წლის ურთიერთობებს ასახავს და საჭიროებს განახლებას, – წერს Reuters-ი.

”გლობალური ფინანსური არქიტექტურა მოძველდა, დისფუნქციური და უსამართლო გახდა. COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური რყევებისა და უკრაინაში რუსეთის შეჭრის პირობებში, მან ვერ შეასრულა თავისი ძირითადი ფუნქცია, როგორც გლობალური უსაფრთხოების სისტემამ”, – თქვა მან.

როგორც გუტერეში ამბობს,  G7-ის სამიტზე მზარდია გაცნობიერება, რომ მოძველებული ინსტიტუტების რეფორმირებისთვის ან გლობალური “სამხრეთის” იმედგაცრუებისგან თავის დასაღწევად საკმარისი არ კეთდება.

„დავინახავთ დისკუსიების გავლენას, რომელიც გაიმართა აქ, ჰიროსიმაში. G7-ის წევრებმა შეძლეს მოლაპარაკება მსოფლიოს ზოგიერთ ყველაზე მნიშვნელოვან განვითარებად ეკონომიკებთან“, – თქვა მან.

როგორც Reuters-მა აღნიშნა, იაპონიამ სამიტზე სპეციალურად მიიწვია ე.წ. გლობალური სამხრეთის წარმომადგენლები, რომელთა შორის იყვნენ ინდოეთის პრემიერმინისტრი, ნარენდრა მოდი, ბრაზილიის პრეზიდენტი, ლუის ინასიო ლულა და სილვა და ინდონეზიის პრეზიდენტი, ჯოკო ვიდოდო.

გაეროს რეფორმირების საკითხს უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი გამოეხმაურა.

მისი თქმით, ამ სიტყვების მოსმენას მსოფლიო დიდი ხანია, ელოდება.

პოდოლიაკის თქმით, გაერო არის ორგანო, რომელიც გლობალური უსაფრთხოების გარანტი უნდა იყოს, თუმცა, აღარ მუშაობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები