რუსული ჯარები უკრაინის ქალაქ მარინკაში შეიჭრნენ, მაგრამ თავდაცვის ძალებმა შეძლეს და დამპყრობლებს საქმე გაურთულეს, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა მალიარმა განაცხადა.
მისი თქმით, ახლა ყველაზე ცხელი სამი მიმართულებაა – ავდიივკა, მარინკა და ბახმუტი.
„ახლა იქ სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს. ოკუპანტი მიზნად ისახავს ავდიივკასა და მარინკაზე კონტროლის აღებას“, – აღნიშნა მალიარმა.
მანვე დასძინა, რომ ოკუპანტებმა ძირითადი ძალისხმევა ავდიივკას მიმართულებით გაამახვილეს და ქალაქის აღებას ცდილობენ, მაგრამ უკრაინელი ჯარისკაცები მტკიცედ იკავებენ თავდაცვას და აკონტროლებენ ავდიივკას.
„ოკუპანტი შემოვიდა ქალაქში, ბრძოლები ფაქტობრივად ცენტრში იყო, მაგრამ უკრაინის თავდაცვითმა ძალებმა ოკუპანტის ამოცანა ძალიან გაართულა. ქალაქში ძლიერი წინააღმდეგობის გამო, მტერმა ძალისხმევა ქალაქის ირგვლივ ფლანგებზე მიმართა – ჩრდილოეთით და სამხრეთით“, – აღნიშნა მალიარმა.
მისივე განცხადებით, რუსები ამ მიმართულებით მნიშვნელოვან ზარალს განიცდიან – როგორც ცოცხალი ძალით, ასევე აღჭურვილობით, მაგრამ ისინი არ ჩერდებიან.