დავით სონღულაშვილი საქართველოში ყაზახეთის ელჩს შეხვდა
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე – დავით სონღულაშვილი საქართველოში ყაზახეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მალიკ მურზალინს შეხვდა.
პარლამენტის ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოსა და ყაზახეთს შორის არსებულ პარტნიორობასა და ურთიერთობების მზარდ დინამიკაზე ისაუბრეს. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა სექტორული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებასა და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომ განვითარებაზე.
იმსჯელეს ტურიზმის, ენერგეტიკის, ტრანსპორტის და სავაჭრო სფეროებში მიმდინარე თანამშრომლობის ძირითად მიმართულებებზე. ხაზი გაუსვეს შუა დერეფნის სრულმასშტაბიანი ფუნქციონირების მნიშვნელობას. აღინიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვის გაზრდისთვის ყველა შესაძლებლობა უნდა იყოს გამოყენებული. შეხვედრაზე ისაუბრეს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, დავით სონღულაშვილის სამომავლო ვიზიტზე ყაზახეთში.