ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი მიიჩნევს, რომ უკრაინას აქვს აუცილებელი საშუალებები რუსეთის მიერ მიტაცებული ტერიტორიების დეოკუპაციისთვის.
შესაბამისი განცხადება სტოლტენბერგმა ლისაბონში, პორტუგალიის პრემიერ-მინისტრ ანტონიო კოსტასთან გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
„უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის უკანონო ომის დაწყებიდან, ნატოს წევრი ქვეყნები [უკრაინას] უპრეცედენტო დონის მხარდაჭერას უწევენ. დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინულ ძალებს აქვთ ყველა საჭირო საშუალება ოკუპირებული მიწების დასაბრუნებლად“, – ხაზგასმით აღნიშნა ალიანსის გენერალურმა მდივანმა.
მისი თქმით, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან უკრაინის მხარდაჭერა იცვლებოდა – მსუბუქი ტანკსაწინააღმდეგო შეიარაღებიდან საჰაერო თავდაცვის თანამედროვე სისტემებამდე, ჯავშანტექნიკამდე და მძიმე საბრძოლო ტანკებამდე.
„მივესალმები ალიანსის წევრების ბოლოდროინდელ განცხადებებს [უკრაინისათვის] ფრთოსანი რაკეტების მიწოდებისა და დასავლური გამანადგურებლების გამოსაყენებლად უკრაინელი მფრინავების მომზადების შესახებ“, – აღნიშნა მან და დასძინა, რომ აუცილებელია უკრაინის მხარდაჭერა ახლა და გრძელვადიან პერსპექტივაში.