შალვა პაპუაშვილი: ჯერი ევროკავშირზეა, ველით კეთილსინდისიერ საპასუხო ნაბიჯებს – საქართველო უნდა იყოს იმავე დონეზე, სადაც არის უკრაინა და მოლდოვა
ჯერი ევროკავშირზეა, ველით კეთილსინდისიერ საპასუხო ნაბიჯებს – საქართველო უნდა იყოს იმავე დონეზე, სადაც არის უკრაინა და მოლდოვა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ევროკავშირმა სამართლიანი, კეთილსინდისიერი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს და საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭოს.
„თავისთავად, ჩვენ ჩვენ წილ პასუხისმგებლობას ვიღებთ და, როგორც ბოლო წლების განმავლობაში, ვართ კეთილსინდისიერი ასოცირების შეთანხმების შესრულების პროცესში და იმ ვალდებულებების შესრულების პროცესში, რომელიც ჩვენ ავიღეთ ევროკავშირთან ურთიერთობის. ჩვენ ერთადერთი ველით, ასევე, კეთილსინდისიერ საპასუხო ნაბიჯებს. ამიტომ ახლა ჯერი ევროკავშირზეა. იანვარში ევროკომისიის ანგარიშით დადასტურდა კიდეც, რომ საქართველო „ტრიოში“ კვლავ ლიდერია და ის არის ლიდერი, რომელსაც თავის დროზე კანდიდატის სტატუსი არ მიეცა. ასე რომ ჯერი ევროკავშირზეა. მან ახლა უნდა მიიღოს სამართლიანი, კეთილსინდისიერი გადაწყვეტილება და საქართველოს შემდეგ ეტაპზე გადასვლის შესაძლებლობა მისცეს. საქართველო უნდა იყოს იმავე დონეზე, სადაც არის უკრაინა და მოლდოვა,“ – განაცხადა პაპუაშვილმა.