მამუკა მდინარაძე: საქართველოს მომავალი არის ევროპაში
“საქართველოს მომავალი არის ევროპაში. საქართველო აუცილებლად გახდება და უნდა გახდეს ევროპული ოჯახის წევრი. საქართველო ეროვნულ ინტერესებზე, თავის ტრადიციებზე, ეროვნულ იდენტობაზე, ოჯახზე, სარწმუნოებაზე არასდროს იტყვის უარს”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ვიღაცებს ანტიეროვნული საუბრები არ გამოუვათ.
„ის, რაც ქართველ კაცს და ქართველ ქალს, საქართველოს მოქალაქეებს, ყველას, ნებისმიერი ნიშნის მიუხედავად, მათ შორის ეთნიკური და ა.შ. საქართველოს მოქალაქეს გენეტიკურ კოდში უდევს თავისი გუშინდელი დღის, თავისი ტრადიციების, ეროვნული იდენტობის, ოჯახისა და რწმენის პატივისცემა. ამაზე საქართველო არასდროს იტყვის უარს. მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, ის გახდება ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი. ვიღაცებს თუ უნდათ, რომ ეს ორი რამ, რაზეც ახლა ვილაპარაკე, ერთმანეთის გამომრიცხველ ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნიონ, ეს არ გამოუვათ და ანტიეროვნული საუბრები არ გამოუვათ. ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც ჩვენ გვაქვს ეს მესიჯი. ამას ახმოვანებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, რომელიც ამ პრინციპებს მისდევს ზედმიწევნით და ამაში მდგომარეობს მისი პოზიტიურობა მეტწილად მათ შორის, მისი მყარი ხასიათი ამ ყველაფერთან დაკავშირებით და ამიტომ არის ის ქვეყანაში პირველი პირი. ამიტომ არის ის ლიდერი და საბედნიეროდ, ამიტომ წარმოადგენს ჩვენს ქვეყანას და საბედნიეროდ არ წარმოადგენენ ის ადამიანები, რომლებიც ამის საპირისპიროდ საუბრობენ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.