მამუკა მდინარაძე: ობიექტურობა მოითხოვს, ვთქვათ – საქართველო სხვაზე მეტად იმსახურებს კანდიდატის სტატუსს

“ობიექტურობა მოითხოვს, ვთქვათ – საქართველო სხვაზე მეტად იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, ოღონდ საქართველოში არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც საკუთარი სამშობლოს ევროპული მომავლის საბოტაჟს ეწევიან”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი განმარტებით, ქვეყანას არაერთი მიღწევები აქვს.

„საქართველო სხვა ქვეყნებზე წინ იმსახურებს, რომ გახდეს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი, თავისი გატარებული რეფორმებით, თავისი სწორი პოზიციებით, თავისი დემოკრატიის ხარისხით, თავისი სასამართლოს დამოუკიდებლობით, თავისი კორუფციასთან ბრძოლით თუ სხვა უამრავი ნიშნით, რა ნიშნებიც თავად ევროკავშირმა უფრო პოზიტიურად შეაფასა, ვიდრე სხვა ქვეყნებისა. საოცარი, უსამართლო გადაწყვეტილება ვნახეთ წინა შემთხვევაში, როდესაც იმის მიუხედავად, რომ ჩვენი რეფორმები აღიარებული იყო, როგორც უფრო წარმატებული, უფრო მეტი ქულით, ჩვენ ვერ მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, მივიღეთ მხოლოდ ევროპული პერსპექტივა და ჩვენმა მეგობარმა ქვეყნებმა მიიღეს კანდიდატის სტატუსი. გეოგრაფიული ფაქტორიც დასახელდა, სხვაგან რომ ომია, ისიც დასახელდა, მაგრამ ობიექტურობა მოითხოვს, ვთქვათ – საქართველო სხვაზე მეტად იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, ოღონდ საქართველოში არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც საკუთარი სამშობლოს ევროპული მომავლის საბოტაჟს ეწევიან. დღეს ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა და ეს მერე გარე ძალებს უწყობს ხელს“, – განაცხადა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები