სააპელაციო სასამართლომ სარკოზი დამნაშავედ ცნო – ყოფილ პრეზიდენტს, ერთი წლით, ელექტრონული სამაჯური დაუმაგრეს

საფრანგეთის სააპელაციო სასამართლომ ყოფილი პრეზიდენტი, ნიკოლა სარკოზი კორუფციისა და მოსამართლის მოსყიდვის მცდელობის საქმეზე დამნაშავედ ცნო. პოლიტიკოსმა 2021 წლის მარტში გამოტანილი გადაწყვეტილება გაასაჩივრა.

საქმეზე მას სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, მათგან ორი პირობითია.

პარიზის სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ სარკოზის შეუძლია საპატიმროში ყოფნის აცილება სახლში ერთი წლის გატარების სანაცვლოდ, ამასთან, მის გადაადგილებას ელექტრონული სამაჯური გააკონტროლებს. გარდა ამისა, მას ეკრძალება სახელმწიფო თანამდებობების დაკავება სამი წლის განმავლობაში.

2021 წლის 1-ელ მარტს სასამართლომ, 2014 წლის საქმეზე, პოლიტიკოსს სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სარკოზი და მისი ადვოკატი, ტიერი ერზოგი დამნაშავედ ცნეს პროკურორ ჟილბერ აზიბერისგან სხვა საქმის გამოძიების შესახებ ინფორმაციის უკანონოდ მოპოვების მცდელობაში. კერძოდ, საქმე ეხებოდა L’Oreal-ის დამფუძნებლის, ლილიან ბეტანკურის ქალიშვილის მიერ, 2007 წლის საპრეზიდენტო კამპანიის სავარაუდოდ უკანონო დაფინანსების შესახებ.

გამომძიებლების თქმით, სარკოზი და ერზოგი, ინფორმაციის სანაცვლოდ, ზიბერგს მონაკოში თანამდებობას დაჰპირდნენ, მაგრამ დაპირება არ შეასრულეს. თუმცა, პროკურატურამ ეს ეპიზოდი კორუფციის გამოვლინებად მაინც მიიჩნია.

სარკოზის ადვოკატებმა გადაწყვეტილება გაასაჩივრეს და სასამართლოს გადაწყვეტილებამდე ის თავისუფლებაზე იმყოფებოდა.

67 წლის ნიკოლა სარკოზი საფრანგეთის პირველი ყოფილი პრეზიდენტია, რომელსაც პატიმრობა მიუსაჯეს.

ნიკოლა სარკოზი პრეზიდენტის პოსტს 2007 წლიდან ხუთწლიანი ვადით იკავებდა. ის ატარებდა მკაცრ ანტიიმიგრაციულ პოლიტიკას და ცდილობდა საფრანგეთის ეკონომიკის რეფორმირებას, რომელიც მძიმედ დაზარალდა გლობალური ფინანსური კრიზისით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები