რუსულმა ავიაკომპანიებმა 2022 წელს ორი ათასზე მეტი ფრენა ისეთი თვითმფრინავებით განახორციელეს, რომლებზეც ცალკეული ნაწილების ექსპლუატაციის ვადა ამოწურული აქვთ.
ამის შესახებ რუსეთის სათათბიროს ტრანსპორტის კომიტეტში გამოსვლისას “როსტრანსნადზორის” ხელმძღვანელმა, ვიქტორ ბასარგინმა თქვა.
მისი თქმით, რამდენიმე ასეული ავიაკომპანიის, მათ შორის, “მაღალი რისკის უმსხვილესი კომპანიების” დაუგეგმავმა ინსპექტირებამ აჩვენა, რომ ავიაკომპანიებს, რომლებიც დასავლურ ტექნიკას იყენებენ “აქვთ კომპონენტების დეფიციტი, ასევე, სახარჯო მასალების მიწოდებასთან დაკავშირებული პრობლემები”.
„სანქციების დაწესების შემდეგ, გაზრდილია როგორც საფასური, ისე – მიწოდების ვადები. მაგალითად, სანქციებამდე ნაწილების მიწოდებას 3-7 დღიდან სჭირდებოდა, ახლა ეს დრო 60-120 დღეს მოითხოვს. ზოგიერთი პროდუქციის იმპორტი კი უბრალოდ შეუძლებელია. შედეგად, დაფიქსირდა საავიაციო ნაწილების დარღვევით მუშაობის მრავალი ფაქტი, რომლებიც პირდაპირ გავლენას ახდენს ფრენის უსაფრთხოებაზე. მაგალითად, ვადაგასული რესურსით კომპონენტების ექსპლუატაციაში მიღება. ჯამურად, 2000-ზე მეტი ასეთი ფრენა დაფიქსირდა“, – თქვა ბასარგინმა.
რუსულ “კომერსანტს” რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროში განუცხადეს, რომ “როსავიაციას” და “როსტრანსნადზორს” რისკის შეფასების სხვადასხვა მეთოდი აქვთ.
რუსეთის მსხვილ ავიაკომპანიებში უარყოფენ ბასარგინის განცხადებას და ამბობენ, რომ ვადაგასული ნაწილებით არ დაფრინავენ.
ერთ-ერთი კომპანიის წარმომადგენელი ამბობს, რომ ვადაგასული კრიტიკული მნიშვნელობის ნაწილების გამოყენება, როგორიც არის მაგალითად, თვითმფრინავის ფრთის და ჰიდრავლიკური სისტემების მექანიზაცია – გამორიცხულია. აღნიშნავს ასევე, რომ “მცირე და ბიზნესტრანსპორტისგან განსხვავებით, დიდ სამგზავრო კომპანიებს დიდი პასუხისმგებლობა ეკისრებათ”.
“აეროფლოტში” განაცხადეს, რომ „ყველა სათადარიგო ნაწილი გადის მკაცრ კონტროლს ხარისხის მოთხოვნებთან შესაბამისობაზე, წარმოშობის ისტორიაზე და აქვს საჭირო სერტიფიკატები“.
ამავდროულად, რუსეთის საექსპერტო საზოგადოებაში ამბობენ, რომ თვითმფრინავების გამართულად ექსპლუატაციის პერიოდი სულ უფრო დაიკლებს.