ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ მიუხედავად შესაძლო „დაღლილობის“ შესახებ სპეკულაციებისა, ევროკავშირის წევრები რუსეთთან ომში უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებენ.
ამის შესახებ ბორელმა სტოკჰოლმში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
როგორც მან ხაზგასმით აღნიშნა, 15 თვიანი ომის განმავლობაში, რუსეთს უკრაინის დამორჩილებისა და მისი განადგურების განზრახვაზე უარი არ უთქვამს.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია გრძელვადიანი ინსტრუმენტების უზრუნველყოფა უკრაინის მხარდასაჭერად.
„მე მინდა მკაფიო სიგნალი გავუგზავნო პუტინს: არ არსებობს და არ იქნება დაღლილობა. ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას, რამდენიც მას სჭირდება და რამდენი ხანიც საჭირო იქნება.
ბევრი ამბობს, რომ მშვიდობა სურს. ჩვენც გვინდა ეს. და ვისაც მშვიდობა სხვაზე მეტად უნდა უკრაინელები არიან. უკრაინელებს მშვიდობა სურთ. ჩვენ გვინდა მშვიდობა, მაგრამ არ გვინდა კაპიტულაცია. უკრაინა მეორე ბელარუსი არ გახდება“, – განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.