უკრაინის ელჩი საქართველოს მადლობას უხდის

   უკრაინის მოვლენებს, ალბათ, ისე ზუსტად ვერავინ აღიქვამს და გულთან ახლოს არ მიაქვს, როგორც ქართველებს, ვინაიდან მათ თავად გამოიარეს ეს ყველაფერი, – ამის შესახებ უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ვასილ ციბენკომ დღეს საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ვასილ ციბენკო საქართველოს და ქართველ ხალხს დიდ მადლობას უხდის.
“პრეზიდენტთან შეხვედრაზე ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, განგვეხილა უკრიანის აღმოსავლეთში არსებული მდგომარეობა, ასევე, ქართულ-უკრაინული ურთიერთობების განვითარების პერსპექტივა და ჩვენი ერთობლივი ნაბიჯები საერთაშორისო არენაზე. პრეზიდენტს მივაწოდე ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გუშინ რუსმა სამხედროებმა, ყველა შეთანხმების დარღვევით, გადმოკვეთეს უკრაინის საზღვარი და შემოიჭრნენ ჩვენს ქვეყანაში. ამის გამო უკრაინის პრეზიდენტი იძულებული გახდა, გადაედო ვიზიტი თურქეთში და ჩაეტარებინა უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა. მე მადლობა გადავუხადე ბატონ პრეზიდენტს იმ ყურადღებისა და ზრუნვისთვის, რომელსაც ის პირადად ავლენს უკრაინასთან მიმართებაში, ასევე იმ დახმარებისთვის, რომლის აღმოსაჩენად მზადაა ქართული მხარე, უკრაინისთვის ამ მძიმე დროს. ჩვენ შევთანხმდებით მომავალშიც კოორდინებულ მუშაობაზე იმისთვის, რომ უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან უფრო ეფექტური და შედეგიანი იყოს. ასევე, მოვილაპარაკეთ, რომ ნატო-ს სამიტის დროს, უელსში საქართველოსა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრა გაიმართება. ერთი სიტყვით, ამ რთულ დროს, უკრაინა საჭიროებს საერთაშორისო მხარდაჭერას და მადლობელი ვარ, რომ საქართველო უკრაინის მხარეზეა. ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი და ფასეულია. ეს მოწმობს იმაზე, რომ ორი მეგობრული სახელმწიფო ერთად არის არა მარტო მაშინ, როდესაც ყველაფერი კარგადაა, არამედ როცა უბედურების ჟამი მოვიდა”, – აღნიშნა ციბენკომ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები