გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში ,,შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ” კანონპროექტთან დაკავშირებით ჩატარებული კვლევის შედეგების პრეზენტაცია გაიმართა
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში ეროვნულ- დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ ,,შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ” კანონპროექტთან დაკავშირებით ჩატარებული კვლევის შედეგების პრეზენტაცია გაიმართა.
პარლამენტის ინფორმაციით, კვლევა მიზნად ისახავს შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ კანონზე საზოგადოებრივი აზრის შესწავლას. პირველ ეტაპზე სატელეფონო გამოკითხვა ჩატარდა რაოდენობასთან დაკავშირებით, კერძოდ, რამდენ ადამიანს ჰყავს შინაური ბინადარი ცხოველი (ძაღლი, კატა), რა დამოკიდებულება აქვთ მათ ამ ცხოველების მიმართ, ახორციელებენ თუ არა ცხოველების სტერილიზაცია-კასტრაციას და თუ ვერ ახორციელებენ, რა არის ამის მიზეზი. კვლევა მოიცავდა კითხვარს, რომელიც შედგენილი იყო გენდერული და ასაკობრივი ჯგუფების გათვალისწინებით, ასევე ტერიტორიული ნიშნით. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ NDI მეორე ეტაპზე ჩაატარებს ფოკუს ჯგუფების – ცხოველთა მეპატრონეების, მიმკედლებლების, რეალიზატორების, თავშესაფრების მფლობელების გამოკითხვას, რომლებიც რაიმე ფორმით დაკავშირებული არიან ცხოველების მომსახურებასთან. ამჯერად მოკვლევა პირადი შეხვედრების საფუძველზე ჩატარდება.
აღნიშნული კვლევები გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტს დაეხმარება „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ” კანონპროექტის შემუშავებაში, რომლის ინიცირებაც პარლამენტში, სავარაუდოდ, ივნისში იგეგმება.