„საგადასახადო კოდექსში” ცვლილების თანახმად, საქართველოში ევროპის 21 წლამდე ჩემპიონატთან დაკავშირებულ ღონისძიებებზე საგადასახადო შეღავათები გავრცელდება
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა კანონპროექტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ”. კანონპროექტი პარლამენტის წევრებმა ლევან კობიაშვილმა და ირაკლი მეძმარიაშვილმა მოამზადეს.
პროექტის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის გარდამავალი დებულებების 309-ე მუხლს ემატება 135-ე და 140-ე ნაწილები, რომლითაც უეფას 2023 წლის 21 წლამდე ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის მატჩებსა და მასთან დაკავშირებულ ღონისძიებებზე საგადასახადო შეღავათები გავრცელდება. მომხსენებლის, პარლამენტის წევრის ლევან კობიაშვილის განმარტებით, 2023 წლის 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით საქართველო მასპინძლობს ევროპული ფეხბურთის ასოციაციების კავშირის (უეფა) ევროპის 21 წლამდე ჩემპიონატის ფინალურ ეტაპს. საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, კერძოდ, თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში, გაიმართება 16 მატჩი.
შესაბამისად, საქართველოს ეწვევა ტურნირში მონაწილე 8 ქვეყნის ნაკრები. კანონპროექტის მიღების მიზანია საქართველოში ევროპის 21 წლამდე ჩემპიონატის ჩატარებისთვის შეიქმნას დაბეგვრის საშეღავათო პერიოდი.
მისი თქმით, აღნიშნული, ერთი მხრივ, უზრუნველყოფს, ევროპის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სანაკრებო შეჯიბრების შეუფერხებლად გამართვას, ხოლო, მეორე მხრივ, ხელს შეუწყობს საქართველოს, როგორც მასპინძელი ქვეყნის, ეკონომიკის სტიმულირებას და ტურისტული პოტენციალის ზრდას. კანონის მიღების აუცილებლობა განპირობებულია ევროპული ფეხბურთის ასოციაციების კავშირის – უეფა-ს მოთხოვნის საფუძველზე, რომლის თანახმად, ნებისმიერი სახის დამატებითი გადასახადი არ უნდა დაეკისროს ჩემპიონატის ორგანიზატორებს, მის მონაწილეებს და მასპინძელ მხარეს.