ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ალიანსს სჭირდება ძალისხმევის გაორმაგება, რათა ბლოკის ქვეყნებში მილიარდი ადამიანის უსაფრთხოება უზრუნველყოს, საფრთხეების მნიშვნელოვანი ზრდის გამო.
ამის შესახებ მან ბრიუსელში, ალიანსის სამხედრო კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლის დროს თქვა, – წერს The Guardian-ი.
თავის გამოსვლაში სტოლტენბერგმა ჩამოთვალა ალიანსის ქმედებები უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის საპასუხოდ და აღნიშნა, რომ მომავალში ნატომ უნდა გააორმაგოს ძალისხმევა გამოწვევების საპასუხოდ.
„როდესაც უფრო სახიფათო მომავლისთვის ვემზადებით, ჩვენ უნდა გავაორმაგოთ ჩვენი ძალისხმევა, რომ დავიცვათ ერთი მილიარდი ჩვენი მოქალაქე და დავიცვათ წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი“, – თქვა ნატოს გენერალურმა მდივანმა.
მან დასძინა, რომ ევროპაში კვლავ მიმდინარეობს მაღალი ინტენსივობის ომი, იზრდება გლობალური კონკურენცია, ავტორიტარული რეჟიმები ეჭვქვეშ აყენებენ ალიანსის ღირებულებებს, ინტერესებს და უსაფრთხოებას და სხვა საფრთხეები მრავლდება – ტერორიზმიდან კიბერთავდასხმებამდე, ბირთვული იარაღის გავრცელებიდან კლიმატის ცვლილებამდე.
„ამიტომ, ჩვენ მზად უნდა ვიყოთ სტრატეგიული კონკურენციის ამ ახალი ეპოქისთვის“, – თქვა მან.