ბახმუტთან რუსების სარაკეტო იერიშს ფრანგი ჟურნალისტი ემსხვერპლა

აღმოსავლეთ უკრაინაში, ბახმუტთან რუსი ოკუპანტების სარაკეტო იერიშს ფრანგი ჟურნალისტი არმან სოლდინი ემსხვერპლა, – ამის შესახებ ინფორმაციას AFP სოციალურ ქსელში ავრცელებს.

მედიის ცნობით, სოლდინი უკრაინის დროით დაახლოებით 16:30 საათზე „გრადის“ ტიპის სისტემებიდან ქალაქ ჩასოვ იარის შემოგარენის დაბომბვის შედეგად დაიღუპა, სადაც მდებარეობს ე.წ. სიცოცხლის გზა ბახმუტისკენ, რომლის მეშვეობითაც ხდება უკრაინელი სამხედროების მომარაგება და რომელიც ხშირად ხდება რუსეთის მხრიდან დაბომბვების სამიზნე.

გარდაცვლილი ჟურნალისტი კონფლიქტის ცხელ წერტილში ოთხ კოლეგასთან ერთად იმყოფებოდა, რომლებიც არ დაშავებულან. დაბომბვის დროს ისინი უკრაინელ სამხედროებთან ერთად იმყოფებოდნენ.

AFP-მა ჟურნალისტის გარდაცვალების შესახებ სოლდინის ოჯახს უკვე აცნობა და მათ თანაგრძნობა გამოუცხადა.

საერთაშორისო ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრების გარეშე“ ცნობით, სოლდინი მედიის როგორც მინიმუმ მე-11 თანამშრომელია, რომელიც უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის შეჭრის შემდეგ გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები