“ჩვენი სამშობლოს წინააღმდეგ კიდევ ერთხელ დაიწყო ნამდვილი ომი” – პუტინმა რუსებს მიმართა

მოსკოვში, წითელ მოედანზე დიდ სამამულო ომში გამარჯვების 78-წლისთავთან დაკავშირებული აღლუმი დასასრულს უახლოვდება.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა წითელი მოედნიდან რუსებს გამარჯვების დღე მიულოცა, ომის გმირები გაიხსენა, მიუთითა დასავლეთის ქმედებებზე და მადლობა გადაუხადა დონბასში “სპეცოპერაციის მონაწილეებს”.

„ძვირფასო რუსეთის მოქალაქეებო, ძვირფასო ვეტერანებო, ამხანაგო ჯარისკაცებო და მეზღვაურებო, სერჟანტებო და წინამძღოლებო, გენერლებო და ადმირალებო, მებრძოლებო და მეთაურებო – სპეციალური სამხედრო ოპერაციის მონაწილეებო, გილოცავთ გამარჯვების დღეს!”, – თქვა მან.

პუტინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ომის მონაწილეებმა განუზომელი გამბედაობისა და უზარმაზარი მსხვერპლის ფასად, კაცობრიობა ნაციზმისგან გადაარჩინეს, განადიდეს და უკვდავყვეს საკუთარი სახელები.

მისი თქმით, ამჟამად, ცივილიზაცია გარდამტეხ მომენტში იმყოფება.

“ჩვენი სამშობლოს წინააღმდეგ კიდევ ერთხელ დაიწყო ნამდვილი ომი. მაგრამ ჩვენ მოვიგერიეთ საერთაშორისო ტერორიზმი, დავიცავთ დონბასის მცხოვრებლებს და უზრუნველვყოფთ ჩვენს უსაფრთხოებას”, – აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.

პუტინმა აღნიშნა, რომ მოსკოვს სურს, იხილოს მშვიდობიანი, თავისუფალი და სტაბილური მომავალი და რუსეთისთვის არ არსებობს არამეგობრული, მტრული ხალხები არც დასავლეთში და არც აღმოსავლეთში. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უპირატესობის ნებისმიერი იდეოლოგია – არის ამაზრზენი, კრიმინალური და მომაკვდინებელი.

კრემლის ლიდერმა დასძინა, რომ “დასავლური ელიტები საუბრობენ თავიანთ ექსკლუზიურობაზე, ადამიანებს ერთმანეთის წინააღმდეგ განაწყობენ და პროვოცირებენ სისხლიან კონფლიქტებს, თესავენ სიძულვილს, რუსოფობიას და აგრესიულ ნაციონალიზმს, ანადგურებენ ტრადიციულ ოჯახურ ღირებულებებს, რომლებიც ადამიანს პიროვნებად აქცევს”.

„და ყველაფერი იმისთვის, რომ გააგრძელონ ხალხებისთვის საკუთარი ნების, საკუთარი უფლებების, წესების, და, ფაქტობრივად, ძარცვის, ძალადობისა და ჩახშობის სისტემის კარნახს”, – თქვა პუტინმა.

მისი თქმით, რუსეთის ოპონენტებს გასული საუკუნის შუა პერიოდის მოვლენებიდან გაკვეთილები არ გამოუტანიათ.

„როგორც ჩანს, მათ დაავიწყდათ, რა გამოიწვია მსოფლიო ბატონობის ნაცისტების გიჟურმა ამბიციებმა, მათ დაავიწყდათ – ვინ დაამარცხა ეს ამაზრზენი ტოტალური ბოროტება, ვინ აღუდგა კედლად მშობლიურ მიწას და არ დაზოგა სიცოცხლე ევროპის ხალხების განთავისუფლებისთვის“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

მან აღნიშნა, რომ სწორედ დასავლეთის პოლიტიკამ გამოიწვია უკრაინაში კონფლიქტი.

“გადაჭარბებული ამბიციები, ამპარტავნება ტრაგედიად გადაქცევისთვის არის განწირული. ეს არის იმ კატასტროფის მიზეზი, რომელსაც ახლა უკრაინელი ხალხი განიცდის. უკრაინელები სახელმწიფო გადატრიალების და მის ბაზაზე შექმნილი რეჟიმის მძევლები გახდნენ, რეჟიმის, რომლის ბატონები დასავლეთში არიან და მზაკვრული გეგმების განხორციელებას ცდილობენ”, – თქვა მან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები