მაკა ბოჭორიშვილი: ამ დარბაზში არიან ადამიანები, რომლებიც არათუ „ქართულ ოცნებას”, საკუთარ ქვეყანას უდგანან ოპოზიციაში

„დღეს ერთ-ერთი დიდი გამოწვევა საქართველოსთვის არის მცდარი აღქმები. ამ აღქმების შექმნაში ყველა იღებთ მონაწილეობას, ვინც ყველა შესაძლო საშუალებით საკუთარ ქვეყანას ბრალს დებთ, რომ თითქოს უკრაინას სათანადოდ არ ვეხმარებით, ბრალს დებთ, რომ თითქოს შავი ხვრელი ვართ და ვითომ რუსეთისთვის ვიქეცით სანქციების თავის არიდების გზად. ამას აკეთებთ გაცნობიერებულად, სანქციების დაწესების დღიდანვე, იმ დროიდან ჯერ შესრულებაც რომ არ ჰქონდა არავის დაწყებული. ამას აკეთებთ, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგად იცით – არც ერთი ფაქტი არ არსებობს, რაც ამ ცრუ განცხადებებს დაგიდასტურებთ”, – ამის შესახებ მაკა ბოჭორიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ოპოზიცია მილიონებს ხარჯავს რათა მსოფლიო დააჯეროს იმაში, რომ საქართველო არ არის სახელმწიფო, არ მუშაობს არც ერთი შტო და სახელმწიფო ინსტიტუტი, „თურმე, პოლიტიკური პატიმრები გვყავს, თან მათ სახელმწიფო წამლავს და საერთოდ, მსოფლიო რუკაზე ტყუილად ვაცდენთ ადგილს”, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

„საკუთარი ქვეყნის ასე გამეტებასაც მოხერხება უნდა. ეს მაშინ, როდესაც ძალიან კარგად იცით საზოგადოების განწყობაც, რეალური სურათიც, ისიც, თუ რას რისკავს ქვეყანას. არსებობს ასეთი ცნება, ეროვნული ინტერესი – რომელიც სახელმწიფოს, ხალხს, არსებული საფრთხეების გათვალისწინებით უჩნდება და პირველ რიგში,
მშვიდობის და უსაფრთხოების უზრუნველყოფით იწყება ნებისმიერი ქვეყნისთვის. სამწუხაროა, როდესაც საწყისის გაცნობიერება ჭირს და ამ დარბაზშიც მრავლად არიან ადამიანები, რომლებიც არათუ „ქართულ ოცნებას”, საკუთარ ქვეყანას უდგანან ოპოზიციაში და რომლებისთვისაც ასე უცხოა ქვეყნის ეროვნული ინტერესი და მისი დაცვა”, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები