გიორგი ცუცქირიძე: გლობალური შოკების და გლობალური ეკონომიკის ზრდის შენელების პირობებში, საქართველოს ეკონომიკა ინარჩუნებს მდგრადობას – წლის მეორე ნახევარში ზრდის დონე შედარებით მაღალი იქნება
გლობალური შოკების და გლობალური ეკონომიკის ზრდის შენელების პირობებში, რაც ნავთობზე ფასების ვარდნაში არის ასახული, საქართველოს ეკონომიკა ინარჩუნებს მდგრადობას და ყველა საპროგნოზო მაჩვენებლით წლის მეორე ნახევარში ზრდის დონე, ბაზისური ეფექტის შემცირებასთან ერთად, შედარებით მაღალი იქნება, – ამის შესახებ ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, საშუალო წლიური ზრდა 8.5 -10 პროცენტის ფარგლებშია მოსალოდნელი.
„2023 წლის მარტში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რეალური შიდა პროდუქტის ზრდამ 7,3 % შეადგინა და როგორც მოსალოდნელი იყო უფრო მაღალია, ვიდრე თებერვლის ზრდის 5,8 % მაჩვენებელი იყო, ეს აისახა მარტში ექსპორტის ზრდის 34 %-იან, ხოლო პირველ კვარტალში 22 %-იან ზრდის დინამიკაშიც.
იანვარ-მარტის ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელი 7.2%-ს გაუტოლდა. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ზრდის მოცემული მაჩვენებელი ისედაც მოსალოდნელი იყო, ბოლო ორი წლის ორნიშნა ზრდის ბაზისური ეფექტიდან გამომდინარე,
აღსანიშნავია, რომ გასული წლის იანვარში სარეკორდო 18 %-იანი ზრდა დაფიქსირდა, ისევე როგორც თებერვალში მაღალი 14.6%-იანი ეკონომიკური ზრდა გვქონდა, ხოლო მარტში 10.6 %, საშუალო მაჩვენებელიც მაღალი 14.4 % იყო და შესაბამისად საბაზო ეფექტიც საკმაოდ მაღალ ნიშნულზე იყო.
შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ პირველი კვარტლის ზრდის დინამიკა აღემატება იგივე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების პროგნოზს, რაც როგორც წესი უფრო კონსერვანტულია (მაგალითისათვის, თუნდაც ორ წელიწადში მათივე 4-5 პროცენტიანი ზრდის პროგნოზები აშკარად ჩამორჩებოდა ეკონომიკის რეალური ორნიშნა ზრდის მაჩვენებლებს).
აღსანიშნავია, რომ 2023 წლის პირველ კვარტალში მოგზაურობიდან (ტურიზმიდან) მიღებული შემოსავლების მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა და 2022 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემს 102%-ით, ანუ ორჯერ გადააჭარბა (401.7 მლნ. აშშ. დოლარით) და 795.4 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა.
ამასთან, 2023 წლის პირველ კვარტალში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2019 წლის დონეს 37.5 პროცენტით გადააჭარბა.
გარდა ამისა, პირველ კვარტალში მაღალი ეკონომიკური ზრდა პოზიტიურად უნდა შეფასდეს, ინფლაციის 5,3 %-მდე შემცირებული მაჩვენებლის ფონზეც, რაც სავარაუდოდ, უკვე წლის პირველ ნახევარში მის მიზნობრივ 3 %-იან მაჩვენებელთანაც ახლოს იქნება!
2023 წლის პირველ კვარტალში მნიშვნელოვნად გაიზარდა ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები როგორც რუსეთიდან (გაიზარდა 198.7 მლნ. აშშ. დოლარით, 293.4%-ით და 266.4 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა), ასევე თურქეთიდან (გაიზარდა 55.5 მლნ. აშშ. დოლარით, 136.1%-ით და 96.3 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა), ევროკავშირიდან (გაიზარდა 28.8 მლნ. აშშ. დოლარით, 64.7%-ით და 73.2 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა) და ისრაელიდან (გაიზარდა 25.7 მლნ. აშშ. დოლარით, 73.2%-ით და 60.8 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა.
ზოგადად კი, გლობალური შოკების და გლობალური ეკონომიკის ზრდის შენელების პირობებში, რაც ნავთობზე ფასების ვარდნაში არის ასახული, საქართველოს ეკონომიკა ინარჩუნებს მდგრადობას და ყველა საპროგნოზო მაჩვენებლით წლის მეორე ნახევარში ზრდის დონე, ბაზისური ეფექტის შემცირებასთან ერთად, შედარებით მაღალი იქნება და საშუალო წლიური ზრდა 8.5-10 პროცენტის ფარგლებშია მოსალოდნელი.
ამას ადასტურებს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და სარეიტინგო კომპანიების შეფასებები. საქართველოს ეკონომიკა, სსფ-ის კონსერვატორული პროგნოზითაც კი ამერიკულ დოლარში 41 მილიარდ დოლარს მიაღწევს, რითაც გაუთანაბრდება ისლანდიის ეკონომიკის მთლიან მოცულობას, იქამდე კი, 2027 წლიდან 600 მილიონი დოლარით გადააჭარბებს კვიპროსის ეკონომიკას (ეს სხვაობა 2028 წლიდან უკვე 1 მილიარდ 900 მილიონი დოლარი გახდება)“, – წერს გიორგი ცუცქირიძე Facebook-ზე.