პროფკავშირების მიმართ საზოგადოების ნდობა წლიდან წლამდე იზრდება

პროფკავშირებისადმი კრიტიკულად განწყობილი „აირაის“ კვლევის მიხედვითაც კი, პროფკავშირების მიმართ საზოგადოების ნდობა წლიდან წლამდე იზრდება.

„აირაის“ კვლევის მიხედვით, წელს, პროფკავშირების საქმიანობას საზოგადოების 27% დადებითად აფასებს, რაც წინა წლებთან შედარებით გაზრდილი მაჩვენებელია. ორი წლის წინ, კვლევის მიხედვით, ორგანიზაციის საქმიანობას 16%-იანი სანდოობის მაჩვენებელი ჰქონდა, წინა წელს – 26, წელს კი 27%-მდე გაიზარდა.
ამასთან, შემცირებულია კრიტიკულად განწყობილი ადამიანების რიცხვითი მაჩვენებელიც. თუ შარშან, ინსტიტუტის მიმართ საზოგადოების 37% იყო კრიტიკულად განწყობილი, წელს ეს მაჩვენებელი 33%-მდე შემცირდა. პროფკავშირულ საქმიანობასთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლება, კომუნიკაციის გაუმჯობესება და დასაქმებულთა ინტერესების დაცვა პროფკავშირებისთვის მუდამ ნომერ პირველი პრიორიტეტია.
სწორედ ცნობიერების ამაღლებით არის შესაძლებელი საზოგადოების კონცენტრირება ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიც არის: ადექვატური მინიმალური ხელფასის დაწესების აუცილებლობა, უმუშევრობის შემწეობა და პროგრესული გადასახადები, რომლის არარსებობაც უთანასწორობას ზრდის. ამ კუთხით, ორგანიზაცია ინტენსიურად მუშაობს, ატარებს კვლევებსა და სემინარებს, მონაწილეობას იღებს სამმხრივი კომისიის სხდომებში, საზოგადოებას ესაუბრება პირადად თუ ტელეეთერებით, აქციებზე დგას დასაქმებულთა გვერდით. საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით აკეთებს საინფორმაციო რგოლებსა და ქარდებს.
ფაქტია, საზოგადოება უფრო მეტად ენდობა პროფკავშირებს, იცნობს მის საქმიანობას და პოზიტიური დამოკიდებულება აქვს ორგანიზაციის მიმართ. პროფკავშირები მომავალშიც გააგრძელებს დასაქმებულთა ინტერესების დაცვასა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიმართულებით მუშაობას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები