ლევან დავითაშვილი: ქვეყნის განვითარების ამ ეტაპზე, როცა ეკონომიკა სწრაფად ვითარდება, კიდევ უფრო აქტუალურია, ქვეყანას ჰქონდეს სწორად ჩამოყალიბებული სივრცითი გეგმა

„საქართველოს ერთიანი სივრცითი გეგმის მომზადება ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა და გეგმის შემუშავებისას გათვალისწინებული იქნება ეკონომიკური, ეკოლოგიური, სოციალური ასპექტები, რათა ქვეყანას ჰქონდეს განვითარების მდგრადი და სწორი ხედვა, რომელიც არათუ შეაფერხებს, არამედ უზრუნველყოფს მდგრად განვითარებას”, – ამის შესახებ ვიცეპრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა თბილისში გამართულ კონფერენციაზე – „სივრცის დაგეგმარება – საქართველო 2023″ განაცხადა.

კონფერენციას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო ორგანიზაციების, პროფესიული და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ლევან დავითაშვილის თქმით, ქვეყნის სივრცითი გეგმის მომზადების ამოცანა ჯერ კიდევ ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის დროს დაიწყო, როცა შეიქმნა შესაბამისი კომისია და წლების განმავლობაში ბევრი რამ გაკეთდა სივრცითი დაგეგმარების კუთხით, ბევრი მუნიციპალიტეტის ადგილობრივი გეგმა მომზადდა, მაგრამ გეგმა, რომელიც მოიცავს ყველა ასპექტს, ამ ეტაპზე არ არსებობს.

„სწორედ ამიტომ, ჯერ კიდევ გასულ წელს აქტიურად დავიწყეთ მუშაობა, შეიქმნა სააგენტო, რომელმაც იმუშავა საკმაოდ ინტენსიურად მთელი წლის განმავლობაში. დღეს კი ვმასპინძლობთ საერთაშორისო კონფერენციას, რომელიც იქნება საწყისი, მნიშვნელოვანი პლატფორმა, რომ მოხდეს სწორი დაგეგმარება ერთიანი სივრიცითი გეგმის შესამუშავებლად, სადაც მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები”, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

მისივე განმარტებით, მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანას ჰქონდეს სწორი მაღალი დონის დოკუმენტი, რომლის მომზადებაშიც მსოფლიოს წამყვანი ექსპერტები, ადგილობრივ სპეციალისტებთან ერთად მიიღებენ მონაწილეობას და დოკუმენტში გათვალისწინებული იქნება ქვეყნის ასპექტები.

„საკმაოდ ბევრი მუნიციპალიტეტი უკვე დაფარულია გენგეგმებით, თუმცა, ჯერ შორს ვართ როგორც მუნიციპალიტეტთშორისი და ერთიანი გეგმის არსებობისგან. რა თქმა უნდა, ეს არ არის მარტივი პროცესი, აქ გათვალისწინებული უნდა იყოს საზოგადოების სხვადასხვა ფენისა და უწყების, დარგის ინტერესები. თუმცა, უნდა ითქვას, რომ საკმაოდ მნიშვნელოვანი პროგრესი გვაქვს მუნიციპალიტეტების ჩართულობით. ვფიქრობთ, რომ ამ გეგმების დამტკიცება მიმდინარე წლის განმავლობაში უნდა მოხდეს”, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

მისივე განცხადებით, არსებობს უკვე დამტკიცებული დოკუმენტებიც, თუმცა არის მგრძნობიარე მიმართულებები, სადაც საკმაოდ დიდია კულტურული მემკვიდრეობა და ბალანსი კულტურულ მემკვიდრეობას, ბუნებრივ მემკვიდრეობას და ეკონომიკურ განვითარებას პერსპექტივებს შორის საკმაოდ რთულად მისაღწევია.

„აქ გათვალისწინებული უნდა იყოს ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესები, თუმცა მათი ინტერესები უნდა იყოს დაბალანსებული მათ შორის ისეთი მნიშვნელოვანი ასპექტებით, რომელიც ზემოთ აღვნიშნე. ასე რომ, ეს პროცესი მიდის დინამიკურად და ქვეყნის განვითარების ამ ეტაპზე, როცა ეკონომიკა სწრაფად ვითარდება, კიდევ უფრო აქტუალურია ქვეყანას ჰქონდეს სწორედ ჩამოყალიბებული სივრცითი გეგმა”, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები