უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში, აგრობიზნესის პროდუქციის (პირველადი და გადამუშავებული პროდუქცია) გამოშვების მაჩვენებელი გაზრდილია 112%-ით, ხოლო 2021 წელთან შედარებით გვაქვს 14%-იანი ზრდა. ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
“ბოლო 10 წლის განმავლობაში, 96%-ით არის გაზრდილი და 4.4 მილიარდ ლარს შეადგენს დარგში შექმნილი დამატებული ღირებულება; 2021 წელს თუ შევადარებთ, 13%-იანი ზრდა ფიქსირდება.
ამავე დროს, ბოლო 10 წლის განმავლობაში, სოფლად 6.7 პროცენტული პუნქტით შემცირდა უმუშევრობის დონე და 2022 წელს 15.7 პროცენტი შეადგინა (გასულ წელთან შედარებით, შემცირებულია 2.5 პროცენტული პუნქტით)”, – განაცხადა ოთარ შამუგიამ საქართველოს პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას, სადაც აღნიშნული სტატისტიკა წარმოადგინა.